Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ელჩის მისალმება გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით

Botschafter Hubert Knirsch

Botschafter Hubert Knirsch, © Deutsche Botschaft Tiflis

02.10.2020 - სტატია

ძვირფასო მეგობრებო და პარტნიორებო, ძვირფასო თანამემამულენო,


ოცდაათი წლის წინ გერმანიამ თავისი დიდი ხნის სურვილი, თავისი ოცნება აისრულა: თავისუფლება და ერთობა რეალობად იქცა. ეს იყო ისტორიული მოვლენა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ადამიანების პირად ცხოვრებაზე, გააჩინა დიდი შესაძლებლობები, მაგრამ ასევე მოიტანა გამოწვევებიც. ბატონმა ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილმა საქართველოში მცხოვრებ რამდენიმე გერმანელს ინტერვიუ  სთხოვა და პატარა ფილმი გადაიღო. ამით ჩვენ გვსურს ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა გამოვხატოთ საქართველოს მიმართ, სადაც ბევრი ჯერ კიდევ ელოდება თავისუფლებასა და ერთობას.


ფილმი


ერთობა არ არის ერთჯერადი მოვლენა, არამედ ეს არის მიზანი, რომლისადმი სწრაფვაც მუდმივად ღირს - გერმანიისთვის, ევროპისთვის, ყველა ერისთვის. ის ჩნდება მაშინ, როდესაც ერთნაირად ხდება მრავალფეროვნებისა და საერთო ღირებულებების შეგრძნება და აღქმა. ყოველთვის ღირს ამაზე დაფიქრება - და პოეტებისა და მწერლების ქვეყანაში ამის შესახებ დაწერა. ამიტომ გერმანიის გაერთიანების 30 წლისთავთან დაკავშირებით გვსურს დავაწესოთ ლიტერატურული პრემია სახელწოდებით „ერთობის იდეა“. შესანიშნავი იქნება, თუ იგი ქართველ მწერლებს მისცემს მოტივაციას, დაწერონ ერთობის თემაზე მისი ფართო გაგებით. გულითადად გიწვევთ, 3 ოქტომბერს 17 საათზე თვალყური ადევნოთ ლიტერატურული პრემიის პრეზენტაციას პირდაპირ ეთერში გერმანიის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/DeutscheBotschaftTiflis/?ref=bookmarks


მიმდინარე წელს პანდემიამ თავისი დაღი დაასვა, რის გამოც ჩვენს ქვეყნებს შორის მიმოსვლა შეფერხდა. მიუხედავად ამისა კონტაქტები და თანამშრომლობა აქტიურად გრძელდებოდა - ამისათვის ჩვენ ყველამ დამატებითი გზები ვიპოვეთ. გერმანულმა საერთაშორისო სკოლამ ონლაინ-გაკვეთილებით დიდი სამუშაო გასწია. გოეთეს ინსტიტუში ენის სწავლება არ შეწყვეტილა.  გერმანელმა პარტნიორებმა პანდემიის ადრეულ ფაზაშივე შეძლეს ტესტების მასალით საქართველოს დახმარება. ჩვენ წვლილი შევიტანეთ საერთაშორისო საფინანსო პაკეტში, რომელიც საქართველოს ეხმარება კოვიდის მტკივნეულ ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებაში. პრაქტიკულ დონეზე ჩვენ ასევე დავეხმარეთ გერმანულ კომპანიებსა და კერძო პირებს. პანდემიის მიუხედავად ტყის დაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავეთ ტყის კოდექსისა და კლიმატის მწვანე ფონდის გრანტის წყალობით. ასევე გერმანელი პროფესორები ჩამოვიდნენ, რათა ასწავლონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.


შემდეგ თვეებში და მომავალ წელს მნიშვნელოვანი იქნება, რომ ვიზიტორთა დიდი რაოდენობით შემოსვლა, ტურიზმი და ეკონომიკური ურთიერთობები კვლავ აღდგეს და საქართველომ წინ წაიწიოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ჩვენ ასევე გვსურს დახმარების გაწევა აფხაზეთში და გამყოფ ზოლს მიღმა კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა. სულ მალე ველოდებით არჩევნების გერმანელ დამკვირვებლებს, რომლებიც ეუთოს მისიის შემადგენლობის ნაწილს წარმოადგენენ.


მინდა ყველას გულითადი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც გერმანიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ამ და კიდევ მრავალ სხვა სფეროში მოღვაწეობთ და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას კიდევ უფრო ამყარებთ. მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად 2021 წლის 3 ოქტომბრის აღნიშვნას!
საუკეთესო სურვილებით

თქვენი
ჰუბერტ ქნირში

გვერდის დასაწყისში გადასვლა