გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორია განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით. 1992 წლიდან მან ქვეყანას 1,066 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია. ამას ემატება რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში (სამხრეთ კავკასიის ინივიატივა) გამოყოფილი 298,85 მილიონი ევრო. განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა მოიცავს სახელმწიფო თანამშრომლობას, ჰუმანიტარულ მცირე პროექტებს და არასამთავობო ორგანიზაცების პროექტებს, რომლებიც გერმანიის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ორმხრივი თანამშრომლობის ყურადღების ცენტრში დგას სამი პრიორიტეტული სფერო: გარემოს დაცვა, ეკონომიკის მდგრადი განვითარება და დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო მმართველობა.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) კონსულტაციების შედეგად საქართველოს მოქალაქეების უკვე 70 პორცენტს აქვს წვდომა თანამედროვე სერვისებზე, საქართველომ შემოიღო პროგრამული ბიუჯეტი, გაუმჯობესდა იურისტთა განათლებისა და საჯარო ფინანსების დარგში ანგარიშვალდებულების ხარისხი. 2016 წელს პირველად მოხერხდა შვიდი კომპანიისა და ორი პროფესიული სასწავლებლის აკრედიტაცია მეღვინეობის დარგში დუალური პროფესიული განათლების მიმართულებით. გერმანიის მხრიდან მხარდაჭერის სამაგალითო პროექტებს ასევე წარმოადგენს დაცული ტერიტორიების მოწყობა და ბათუმში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გერმანია პირველი დონორი ქვეყანა იყო, რომელმაც წვლილი შეიტანა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის მოდერნიზებაში, რამაც ქვეყანას მისი რეგიონალური ენერგოჰაბის სტატუსის გამყარების შესაძლებლობა მისცა. „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტით, რისთვისაც გერმანიამ ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში 100 მილიონი ევრო გამოყო, შეიქმნა საქართველოს გავლით ელექტროენერგიის თურქეთსა და ევროპაში ექსპორტის წინაპირობა. პარალელურად ყურადღება ექცევა ისეთ პროექტებს, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალის და ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას ემსახურება.
საქართველოს მთავრობის ამ ვებ-გვერდზე იხილავთ საქართველოში გერმანიის საჯარო სახსრებიდან დაფინანსებული მიმდინარე პროექტების ჩამონათვალს. ამისათვის საძიებო ველში „დაფინანსების წყარო“ ჩაწერეთ სიტყვა „გერმანია“.