Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

საინფორმაციო ფურცელი № D3f: დაფინანსების დამადასტურებელი საბუთები უნივერსიტეტში/ენის ინტენსიურ კურსებზე სწავლის შემთხვევაში

16.06.2025 - სტატია

ზოგადი ინფორმაცია

გერმანიის უნივერსიტეტში სწავლის ან გერმანიაში ენის ინტენსიურ კურსებზე დასწრების მიზნით გამგზავრებისთვის სავიზო განაცხადის შემოტანისას საჭიროა გარანტირებული დაფინანსების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა. სტუდენტებისთვის გერმანიაში ცხოვრების უზრუნველყოფა სრული ერთი წლის განმავლობაში უნდა იყოს გარანტირებული (თვეების რაოდენობა გამრავლებული BaföG-ის მიერ დადგენილ თანხაზე, რომელიც ამჟამად შეადგენს 934 ევროს თვეში). ქვემოთ მოცემულია ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთების მიღების ყველაზე გავრცელებული შესაძლებლობები. თუ გერმანიაში ცხოვრების დაფინანსებას გამონაკლისის სახით სხვა საშუალებით გეგმავთ, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ საელჩოს.

ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.

I. ბლოკირებული ანგარიში

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, იმ საფინანსო ინსტიტუტში, რომელსაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აქვს საბანკო საქმიანობის განხორციელების უფლება, გახსნათ ე.წ. ბლოკირებული ანგარიში. ამისათვის საჭიროა გერმანიაში თქვენი ცხოვრებისთვის საჭირო თანხა შეიტანოთ ამ ანგარიშზე, რომლის ნაწილიც დაიბლოკება. ამჟამად ყოველთვიური თანხა შეადგენს 934 ევროს. ბლოკირების გამო სტუდენტს შეეძლება თვეში მაქსიმუმ 934 ევროს გამოტანა ანგარიშიდან. ამით სტუდენტს გარანტირებულად ექნება საჭირო თანხა სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში. 

ბლოკირებული ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ყველა იმ საფინანსო ინსტიტუტში, რომელსაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აქვს საბანკო საქმიანობის განხორციელების უფლება. ანგარიშის გახსნა როგორც წესი შესაძლებელია უცხოეთიდანაც. ამისათვის გთხოვთ მიმართოთ შესაბამის საფინანსო ინსტიტუტს გერმანიაში ელ. ფოსტის მეშვეობით. მითითებები ბლოკირებულ ანგარიშთან დაკავშირებით გერმანულ ენაზე იხილეთ საელჩოს ვებ-გვერდზე ან ინგლისურ ენაზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: გახსენით ბლოკირებული ანგარიში დროულად სავიზო განაცხადის შემოტანამდე. მიიღება მხოლოდ ანგარიშის გახსნის ოფიციალური დამადასტურებელი ცნობა, სადაც მითითებული იქნება ჩარიცხული თანხისა და ყოველთვიურად ხელმისაწვდომი თანხის რაოდენობა. დამადასტურებელი ცნობა თანხების მითითების გარეშე არ არის საკმარისი.

II. ოფიციალური განცხადება ვალდებულების შესახებ (Verpflichtungserklärung)

დაფინანსების დადასტურების კიდევ ერთი შესაძლებლობაა ოფიციალური უწყების მიერ გერმანიის უცხოელთა შესახებ კანონის 66-68 მუხლების შესაბამისად გაცემული განცხადება ვალდებულების თავის თავზე აღების შესახებ (Verpflichtungserklärung). პირი, რომელიც ოფიციალურად აკეთებს ამ განცხადებას, თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ გერმანიაში ჩასულ პირს უზრუნველყოფს საცხოვრებელი პირობებით და დაფარავს მისი ცხოვრებისთვის საჭირო ყოველდღიურ ხარჯებს. ამით იგი ასევე თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში თავად გაიღებს გერმანიის სახელმწიფოს წინაშე სავარაუდოდ წარმოშობით ყველა იმ ხარჯს, რომელიც გერმანიაში ჩასული პირის მგზავრობასთან და გერმანიაში ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული. გერმანიაში ყოფნის მიზნად მითითებული უნდა იყოს ფაქტობრივი მიზანი (უნივერსიტეტში სწავლა, მომზადება უნივერსიტეტში სწავლისთვის, ენის კურსები, უნივერსიტეტში საბუთების შეტანა, სკოლაში სწავლა და ა.შ.)! 

აღნიშნული განცხადების გაკეთებისათვის პირმა უნდა დაადასტუროს, რომ მას აქვს საკმარისი შემოსავალი სავარაუდო ხარჯების დასაფარად. ვალდებულების თავის თავზე აღების შესახებ განცხადებას გასცემს უცხოელთა საკითხების შესაბამისი უწყება (Ausländerbehörde) გერმანიაში. ამიტომ იქ წარსადგენი საბუთების შესახებ ინფორმაციისათვის პირდაპირ მიმართეთ აღნიშნულ უწყებას. გამონაკლის შემთხვევებში ვალდებულების შესახებ განცხადების გაცემა შეგიძლიათ მოითხოვოთ საელჩოში. იმის დასადგენად, ეხება თუ არა საქმე გამონაკლის შემთხვევას, გთხოვთ წინასწარ მიმართოთ საელჩოს. 

მითითება: განცხადება ვალდებულების თავის თავზე აღების შესახებ (Verpflichtungserklärung) არ უნდა იყოს 6 თვეზე ადრე გაცემული!

III. სტიპენდია

იმ შემთხვევაში, თუ გერმანიაში თქვენ სწავლას რომელიმე საჯარო დაწესებულების სტიპენდიით აფინანსებთ, გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობა სტიპენდიის გაცემის შესახებ (მაგ. DAAD, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი, DFG, InWEnt, პოლიტიკური ფონდები, გერმანიის საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები). იგივე ვრცელდება სტიპენდიებზე, რომლებიც გაიცემა თქვენი ქვეყნის საჯარო სახსრებიდან, თუ გერმანიის უნივერსიტეტთან შუამავლობას ახორციელებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, DAAD ან გერმანული სტიპენდიების გამცემი სხვა ორგანიზაცია. 

IV. სხვა შესაძლებლობები

ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურების სხვა შესაძლებლობები მოცემულია უცხოელთა შესახებ გერმანიის კანონის ადმინისტრაციული წესდების 16.0.8.1 პუნქტში.

გვერდის დასაწყისში გადასვლა