Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D3c: ვიზა ენის (ინტენსიურ) კურსზე დასასწრებად
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
აუცილებელია, განასხვაოთ, გსურთ თუ არა უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვის მოსამზადებელ ენის კურსზე დასწრება, თუ „იზოლირებულ“ ენის კურსზე, რომელიც არ ემსახურება უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვის (უშუალოდ) მომზადებას. წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი ეხება მხოლოდ ენის კურსებს, რომლებსაც არ მოსდევს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. თუ უშუალოდ ენის კურსის შემდეგ აპირებთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაწყებას, მაშინ ამ საინფორმაციო ფურცლის ნაცვლად უნდა გაეცნოთ საინფორმაციო ფურცელს Nr.D3a („ვიზა უმაღლეს სასწავლებელში სწავლისა და უმაღლეს სასწავლებლებში განაცხადების შეტანისათვის“).
უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის მე-16b მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ენის კურსებად ითვლება მხოლოდ ინტენსიური ენის კურსები. როგორც წესი, ასეთი კურსების დროს მეცადინეობები უნდა ტარდებოდეს ყოველ დღე და შეადგენდეს კვირაში მინიმუმ 18 საათს. საღამოს და შაბათ-კვირის კურსები საკმარისი არ არის. ენის კურსი გათვლილი უნდა იყოს ენის საფუძვლიანი ცოდნის მიღებაზე და მისი ხანგრძლივობა წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული.
გერმანული ენის წინასწარ ცოდნა არ არის აუცილებელი, მაგრამ ვიზის მიღების აუცილებლობის შემოწმებისას შეიძლება მნიშვნელობა იქონიოს კითხვამ, ეცადეთ თუ არა თქვენს სამშობლოში არსებული შესაძლებლობების ფარგლებში გერმანული ენის სწავლა მინიმუმ ელემენტარულ დონეზე (A1). თუ ნამდვილად გაგაჩნიათ გერმანული ენის საკმარისი ცოდნა, შეგიძლიათ საელჩოში პირადად დაბარებისას გასაუბრების დროს ამის დადასტურება მოახდინოთ.
ენის კურსის დროს სამუშაო საქმიანობის დაწყება არ არის დაშვებული.
ენის კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ შესაძლებელია გერმანიაში დარჩენა სხვა მიზნით, თუ უნდა გააგრძელოთ სწავლა პროფესიული განათლების მისაღებად ან შეუდგეთ სამუშაო საქმიანობას. დასტურისათვის საკმარისია სერტიფიკატის წარდგენა.
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი საგანაცხადო ანკეტა უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ განცხადებასთან ერთად (გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე);
განმცხადებლის შემთხვევაში, რომელსაც ჯერ არ შეუსრულდა 18 წელი, ანკეტაზე და განცხადებაზე ხელი უნდა მოაწეროს მზრუნველობის უფლების მქონე ყველა პირმა.
თუ მზრუნველობის უფლების ერთ-ერთ პირს არ შეუძლია ანკეტაზე და განცხადებაზე ხელის მოწერა, მან წერილობით, ნოტარიულად დამოწმებული ფორმით უნდა განაცხადოს თანხმობა სავიზო განაცხადის შემოტანაზე.
ამ შემთხვევაში უნდა დაურთოთ ამ პირის პასპორტის ან პირადობის მოწმობის სურათიანი გვერდის ერთი ასლი.
სამოგზაურო პასპორტი (და სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი);
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
ენების სკოლის მიწვევა, სადაც მითითებულია ენის კურსის ჩატარების ადგილი, კურსის ხანგრძლივობა და ენის ცოდნის დონე კურსის დაწყებამდე და კურსის ბოლოს, ასევე საათების რაოდენობა კვირაში (იხილე „მნიშვნელოვანი მითითებები“) და მთლიანი კურსის საფასურის გადახდის დასტური. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საინტეგრაციო კურსი არ არის ამ საინფორმაციო ფურცლით გათვალისწინებული ენის კურსი!
დასტური საკმარისი ფინანსური სახსრების შესახებ, რომელიც უნდა წარმოადგენდეს 1027 ევროს თვეში დაგეგმილი ენის კურსის მთლიანი ხანგრძლივობის განმავლობაში. (მაგალითად: ექვსთვიანი კურსის შემთხვევაში უნდა გქონდეთ 6162 ევრო, ხოლო ცხრათვიანი კურსის შემთხვევაში 9243 ევრო). გთხოვთ, გაეცნოთ შესაბამის ინფორმაციას საელჩოს საინფორმაციო ფურცელში D3f.
შესაბამის შემთხვევაში შეგიძლიათ ასევე წარმოადგინოთ გერმანიაში მცხოვრები პირის მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების ოფიციალური განცხადება (Verpflichtungserklärung), სადაც მითითებული იქნება საკმარისი თანხა - ან -
კვირაში 20 საათიანი პარალელური დასაქმება ხელს შეუწყობს ცხოვრების უზრუნველყოფას; ამისათვის საჭიროა კონკრეტული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა.
წინარე განათლების დამადასტურებელი საბუთები: სასკოლო და საუნივერსიტეტო ატესტატები და დიპლომები.
თუ გერმანიაში ენის კურსს არ იწყებთ უშუალოდ სკოლის დამთავრების ან ბოლო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შემდეგ: ამ შუალედურ პერიოდში საქმიანობის დამადასტურებელი საბუთები.
თუ ამჟამად სწავლობთ საქართველოს რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში: ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან და საჭიროების შემთხვევაში ლექციებიდან განთავისუფლების საბუთი.
გერმანულ ენაზე შედგენილი და ხელმოწერილი სამოტივაციო წერილი, რომელშიც დეტალურად აღწერთ ენის დაგეგმილ კურსზე სწავლის მიზეზებსა და მომავლის გეგმებს. აქვე მიუთითეთ, თუ რატომ უნდა გაიაროთ ენის კურსი გერმანიაში და როგორ, სად და რამდენი ხანი სწავლობდით გერმანულს.
არსებობის შემთხვევაში: თქვენი დამსაქმებლის ცნობა, სადაც დადასტურებულია, რომ გერმანული ენის ცოდნა აუცილებელია თქვენი მომავალი პროფესიული განვითარებისთვის და მითითებულია მიზეზები, ასევე დასაქმების ადგილზე მუშაობის პერიოდი, თანამდებობა და თვიური ხელფასი.
სრული ბიოგრაფია (CV) გერმანულ ენაზე, სადაც მითითებულია თქვენი წინარე განათლება და საქმიანობა, ასევე ზუსტი მისამართი და ტელეფონები.
თუ უკვე სწავლობდით გერმანულ ენას: სწავლის დამადასტურებელი საბუთი, მაგალითად ენის სერტიფიკატი.
საჭიროების შემთხვევაში სხვა დამადასტურებელი საბუთები.
განმცხადებლებისთვის, რომლებსაც ჯერ არ შეუსრულდათ 18 წელი:
მზრუნველობის უფლების მქონე პირთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ბავშვის მარტო გამგზავრებისა და გერმანიაში ხანგრძლივი (!) ცხოვრების შესახებ, ასევე
წერილობითი საბუთი, ვის გადასცემენ მშობლები ბავშვის გერმანიაში ყოფნისას მასზე მზრუნველობის უფლებას ამ პირის პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლით, ასევე
განმცხადებლის დაბადების მოწმობის ერთი ასლი (თუ ეს ასლი უკვე არ იქნა წარდგენილი დაფინანსების დადასტურებისას)
სავიზო განაცხადზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ვიზის მიღებამდე უნდა წარმოადგინოთ მოქმედი სამედიცინო დაზღვევის საბუთი, თუ ეს საბუთი უკვე წინასწარ არ გაქვთ ჩაბარებული.
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
როგორც წესი, განაცხადის განხილვას სჭირდება ექვსიდან რვა კვირამდე. ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა არ არის საჭირო სავიზო განაცხადის შემოტანისას. გთხოვთ, ბილეთი დაჯავშნოთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.