Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D3b: ვიზა პროფესიული განათლების მისაღებად
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი საგანაცხადო ანკეტა უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ განცხადებასთან ერთად (გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე);
განმცხადებლის შემთხვევაში, რომელსაც ჯერ არ შეუსრულდა 18 წელი, ანკეტაზე და განცხადებაზე ხელი უნდა მოაწეროს მზრუნველობის უფლების მქონე ყველა პირმა.
თუ მზრუნველობის უფლების ერთ-ერთ პირს არ შეუძლია ანკეტაზე და განცხადებაზე ხელის მოწერა, მან წერილობით, ნოტარიულად დამოწმებული ფორმით უნდა განაცხადოს თანხმობა სავიზო განაცხადის შემოტანაზე.
ამ შემთხვევაში უნდა დაურთოთ ამ პირის პასპორტის ან პირადობის მოწმობის სურათიანი გვერდის ერთი ასლი.
სამოგზაურო პასპორტი (და სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი);
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
ხელშეკრულება გერმანიის (პროფესიული) სასწავლებლიდან/საწარმოდან (Ausbildungsvertrag), რომელშიც მითითებულია შემდეგი მონაცემები:
იმ (პროფესიული) სასწავლებლის/საწარმოს დასახელება და მისამართი, სადაც უნდა ისწავლოთ და საკონტაქტო პირის მონაცემები
პროფესია, რომელიც უნდა შეისწავლოთ
დასაქმების სახე: სრული თუ ნაწილობრივი დასაქმება
ევროებში მითითებული თვიური ბრუტო ხელფასი, რომელსაც მიიღებთ სწავლისას.
სწავლის ხანგრძლივობა.
არსებობის შემთხვევაში: დამატებითი სწავლება (მაგ.: სპეციალიზებული ექიმის კვალიფიკაციის ამაღლება):
კვალიფიკაციის აღიარების უწყების ცნობა, სადაც დადასტურებულია თავსებადობის აუცილებელი ღონისძიებები ან სხვა კვალიფიკაციები (მაგ.: ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი)
საწარმოში პროფესიული განათლების მიღების შემთხვევაში: კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა
დაფინანსების საბუთი: თქვენი ცხოვრების ხარჯები მხოლოდ მაშინ ჩაითვლება საკმარისად, თუ თქვენ თვეში მინიმუმ 822 ევროს ოდენობის დაქვითული (netto) ან 990 ევროს ოდენობის დაუქვითავი (brutto) ხელფასი გექნებათ. თუ წარმოადგენთ საბუთებს, რომ გარკვეული ხარჯები (მაგ.: კვების და ბინის) არ გექნებათ გადასახდელი, მაშინ ეს თანხა შესაბამისად შემცირდება. თუ ზემოთ ხსენებული თანხა თვეში არ გექნებათ ხელფასის სახით, მაშინ უნდა წარმოადგინოთ სხვა საბუთები საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსების შესახებ. დაფინანსების საბუთი შეგიძლიათ წარმოადგინოთ შემდეგნაირად:
ვალდებულების საკუთარ თავზე აღების ოფიციალური განცხადება -Verpflichtungserklärung (უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 66-68-ე მუხლების მიხედვით), რომელიც 6 თვეზე დიდი ხნის არ უნდა იყოს და რომელშიც მითითებულია დანიშნულება „პროფესიული განათლება“ (Ausbildung), ასევე დადასტურებული გადახდისუნარიანობა. ამ საბუთს გასცემენ გერმანიის უცხოელების საქმეთა უწყებები (Ausländerbehörde).
აქაურ ან გერმანულ ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობის საბუთი
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში შეიძლება დაგჭირდეთ სპეციალური ბლოკირებული ანგარიშის (Sperrkonto) გახსნა. ასეთ შემთხვევაში მიიღებთ შესაბამის ინფორმაციას და უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი საბუთი. ინფორმაცია ბლოკირებული ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
თუ საბუთად წარმოადგენთ ერთ-ერთი მშობლის/მშობლების საბანკო ანგარიშს, მაშინ ნათესაური კავშირი უნდა დადასტურდეს დაბადების მოწმობის წარდგენით.
ასეთ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ ასევე ერთ-ერთი მშობლის/მშობლების ნოტარიულად დამოწმებული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების განცხადება, ხელფასის ცნობა და ასევე ერთ-ერთი მშობლის/მშობლების პასპორტის სურათიანი გვერდის ერთი ასლი.
სტიპენდიის მიღების თანხმობა (თუ სტიპენდია აუცილებელ თანხაზე დაბალია, მაშინ უნდა დაადასტუროთ, რომ განსხვავების დაფინანსება სწავლის პერიოდში მოხდება ზემოთ ხსენებული ალტერნატიული გზებით).
წინარე განათლების დამადასტურებელი საბუთები: სასკოლო და საუნივერსიტეტო ატესტატები და დიპლომები.
თუ გერმანიაში სწავლას არ იწყებთ უშუალოდ სკოლის დამთავრების ან ბოლო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შემდეგ: ამ შუალედურ პერიოდში საქმიანობის დამადასტურებელი საბუთები.
თუ ამჟამად სწავლობთ საქართველოს რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში: ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან.
გერმანულ ენაზე შედგენილი და ხელმოწერილი სამოტივაციო წერილი, რომელშიც დეტალურად აღწერთ დაგეგმილი სწავლის მიზეზებსა და მომავალ პროფესიულ გეგმებს.
სრული ბიოგრაფია(CV) გერმანულ ენაზე, სადაც მითითებულია ზუსტი მისამართი და ტელეფონები.
გერმანული ენის როგორც წესი B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საბუთი.
თუ საქმე ეხება საკვალიფიკაციო პროფესიულ განათლებას, უნდა წარმოადგინოთ მინიმუმ გერმანული ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საბუთი. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გაქვთ გერმანული ენის მხოლოდ A2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საბუთი, მაშინ უნდა წარმოადგინოთ ასევე შემდეგი:
სასწავლო საწარმოს ან პროფესიული სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ გერმანული ენის A2 დონეზე ცოდნა საკმარისია.
ან
პროფესიული განათლების მიღებისთვის მოსამზადებელი გერმანული ენის კურსზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი (გერმანული ენის კურსი უნდა გაიმართოს პროფესიულ სასწავლებელში სწავლის დაწყებამდე).
თუ სწავლის დაწყებამდე უნდა დაესწროთ სახელმწიფო ხელშეწყობით დაგეგმილ სპეციალურ პროგრამას ენის კურსებით ან სხვა ენის კურსებს: რომელიმე გერმანულ ენების სკოლის პროფესიული განათლების მიღებისათვის მოსამზადებელ ინტენსიურ ენის კურსზე რეგისტრაციის საბუთი (მინიმუმ 18 საათი კვირაში) სკოლის მისამართის, კურსის ხანგრძლივობისა და ენის კურსის დაწყებამდე და მისი დამთავრებისას ენის ცოდნის დონის მითითებით (იხილე ინფორმაცია ზემოთ), ასევე კურსის საფასურის გადახდის საბუთი.
გერმანული ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია აღიარებული სერტიფიკატების მეშვეობით (Goethe, Telc, ÖSD, TestDaF, DSH, Deutsches Sprachdiplom KMK, ECL)
საჭიროების შემთხვევაში სხვა საბუთები (მაგ.: სარეკომენდაციო წერილები და სხვა).
განმცხადებლებისთვის, რომლებსაც ჯერ არ შეუსრულდათ 18 წელი:
მზრუნველობის უფლების მქონე პირთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ბავშვის მარტო გამგზავრებისა და გერმანიაში ხანგრძლივი (!) ცხოვრების შესახებ, ასევე
წერილობითი საბუთი, ვის გადასცემენ მშობლები ბავშვის გერმანიაში ყოფნისას მასზე მზრუნველობის უფლებას ამ პირის პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლით, ასევე
განმცხადებლის დაბადების მოწმობის ერთი ასლი (თუ ეს ასლი უკვე არ იქნა წარდგენილი დაფინანსების დადასტურებისას)
სავიზო განაცხადზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ვიზის მიღებამდე უნდა წარმოადგინოთ მოქმედი სამედიცინო დაზღვევის საბუთი, თუ ეს საბუთი უკვე წინასწარ არ გაქვთ ჩაბარებული.
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
როგორც წესი, განაცხადის განხილვას სჭირდება ექვსიდან რვა კვირამდე. ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა არ არის საჭირო სავიზო განაცხადის შემოტანისას. გთხოვთ, ბილეთი დაჯავშნოთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.