Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D2k: ვიზა ჰოსპიტაციისთვის (3 თვეზე მეტი ვადით)
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ჰოსპიტაცია რომელიმე პროფესიულ სფეროში სამუშაო პროცესის დაკვირვებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა. ეს ნიშნავს, რომ ჰოსპიტანტს, მაგალითად კლინიკაში, უფლება აქვს დაესწროს სამედიცინო გამოკვლევების, ჩარევების ან სხვა პროცესს, მაგრამ მას არ აქვს უფლება თავად განახორციელოს ექიმის საქმიანობა (ე.ი. პაციენტის გამოკვლება ან მკურნალობა). ჰოსპიტანტს არ ეძლევა ხელფასი და არც სხვა მომსახურება უნაზღაურდება (მაგალითად საცხოვრებელი და კვება).
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე;
სამოგზაურო პასპორტი და მისი სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი;
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
მოწვევა ან ჰოსპიტაციის ხელშეკრულება გერმანიიდან, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ჰოსპიტაციის ორგანიზაცია (ჰოსპიტაციის გავლის ადგილის ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო პირის საკონტაქტო ინფორმაცია)
ჰოსპიტაციის გავლის პერიოდი
ჰოსპიტაციის გავლის სფერო
თქვენი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები, მაგალითად უმაღლესი განათლების დიპლომი, სახელობო პროფესიული განათლების დიპლომი, სკოლის ატესტატი, ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან.
არსებობის შემთხვევაში: უცხო ენების სწავლის დამადასტურებელი საბუთები, მაგ. სერტიფიკატები ან ენის კურსების გავლის ცნობები.
წლების მიხედვით წარმოდგენილი სრული ბიოგრაფია (CV) გერმანულ ენაზე, სადაც ასევე მითითებული იქნება ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები.
სამოტივაციო წერილი გერმანულ ენაზე, სადაც მოცემული იქნება ჰოსპიტაციის ხანგრძლივობა და სფერო და თქვენი დასაბუთება, თუ რატომ გსურთ საკუთარი ხარჯებით შედარებით გრძელვადიანი ჰოსპიტაციის გავლა, რომელიც პრაქტიკულ უნარებს არ შეგძენთ.
დაფინანსების დამადასტურებელი საბუთი: თქვენ უნდა დაადასტუროთ, რომ შეგიძლიათ გერმანიაში თქვენი ცხოვრების დაფინანსება. ამისათვის თვეში მინიმუმ 861 ევროა საჭირო. ქვემოთ მოცემულია ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურების შესაძლებლობები:
გერმანიის ოფიციალური უწყების მიერ გერმანიის უცხოელთა შესახებ კანონის 66-68 მუხლების შესაბამისად ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაცემული განცხადება ვალდებულების თავის თავზე აღების შესახებ (Verpflichtungserklärung), სადაც მითითებული იქნება „ჰოსპიტაცია“ (გერმანიაში ყოფნის საფუძვლად) და ასევე დადასტურებული გადახდისუნარიანობა. ამ საბუთს გასცემენ გერმანიის უცხოელების საქმეთა უწყებები (Ausländerbehörde).
ბლოკირებული საბანკო ანგარიშის დამადასტურებელი საბუთი, სადაც ჩარიცხული იქნება ჰოსპიტაციის სრული პერიოდისთვის საკმარისი თანხა (სრული თანხა = 861 ევრო გამრავლებული იმ თვეების რაოდენობაზე, რამდენ თვესაც გეგმავთ გერმანიაში ყოფნას). ინფორმაცია ბლოკირებული ანგარიშის გახსნის შესახებ იხილეთ აქ.
აქაურ ან გერმანულ ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობის საბუთი
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში შეიძლება დაგჭირდეთ ბლოკირებული ანგარიშის გახსნა. ასეთ შემთხვევაში მიიღებთ შესაბამის ინფორმაციას და უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი საბუთი.
თუ საბუთად წარმოადგენთ ერთ-ერთი მშობლის/მშობლების საბანკო ანგარიშს, მაშინ ნათესაური კავშირი უნდა დადასტურდეს დაბადების მოწმობის წარდგენით.
ასეთ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ ასევე ერთ-ერთი მშობლის/მშობლების ნოტარიულად დამოწმებული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების განცხადება, ხელფასის ცნობა და ასევე ერთ-ერთი მშობლის/მშობლების პასპორტის სურათიანი გვერდის ერთი ასლი.
შესაბამის შემთხვევაში: დამატებით დამხმარე საბუთები (მაგ. დამსაქმებლის ცნობა, სარეკომენდაციო წერილები)
ვიზის გაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში პასპორტის გაცემამდე უნდა წარმოადგინოთ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის პოლისი, თუ მანამდე არ გაქვთ იგი წარმოდგენილი;
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება ექვსიდან რვა კვირამდე, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ საქმის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.