Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D3a: ვიზა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის (სტუდენტური გაცვლითი პროგრამებისა და სტიპენდიატების ჩათვლით) და განაცხადის შეტანისთვის, ასევე საუნივერსიტეტო კოლეჯში სწავლის ან მისაღები გამოცდის ჩაბარებისათვის
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში (ასევე უნივერსიტეტის მოსამზადებელ ენის კურსზე) ან საუნივერსიტეტო კოლეჯში ჩაირიცხნენ, შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადი სასწავლო ვიზის მისაღებად. რეკომენდებულია, რაც შეიძლება ადრე იზრუნოთ გერმანიის უმაღლესი სასწავლებლიდან თანხმობის მიღებაზე.
უცხოელ დოქტორანტებს (PHD), რომლებსაც გერმანიის უმაღლესი სასწავლებლიდან მიღებული აქვთ თანხმობა სადოქტორო პროგრამებში მონაწილეობისთვის, შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადი გერმანიაში სადოქტორო პროგრამაში სასწავლო ვიზის მისაღებად. თუ სადოქტორო პროგრამა ხორციელდება გერმანიის უმაღლეს სასწავლებელთან და კვლევით დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ან კვლევითი შეთანხმების ფარგლებში, მაშინ განაცხადი უნდა შემოიტანოთ კვლევების მიზნით გამგზავრებისთვის განკუთვნილი ვიზის მისაღებად.
სწავლის პერიოდში შესაძლებელია სტუდენტური დასაქმების ფარგლებში თანხის გამომუშავებაც. სწავლის დასრულების შემდეგ გექნებათ სამუშაო ადგილის ძიების შესაძლებლობა.
სტუდენტებად ითვლებიან განმცხადებლები, რომლებმაც რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვის მოსამზადებელ დაწესებულებაში (მაგ.: სასწავლო კოლეჯში - Studienkolleg) შეიტანეს განაცხადი და უკვე მიიღეს თანხმობა (Zulassung) ან განაცხადის შეტანის დადასტურება (Bewerberbestätigung)
გაცვლითი პროგრამის სტუდენტები, რომლებიც სასწავლო პროგრამის ერთ ნაწილს გადიან გერმანიაში და შემდეგ სწავლას აგრძელებენ თავიანთ ქართულ უნივერსიტეტში.
უმაღლეს სასწავლებლებში განაცხადების შემტანთა კატეგორიაში შედიან განმცხადებლები, რომლებსაც აქვთ გერმანულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ინტერესი, მაგრამ ჯერ არ მიუღიათ Zulassung-ი გერმანიის უმაღლესი სასწავლებლიდან ან გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის მოსამზადებელი დაწესებულებიდან. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ასევე მუსიკალურ/სახელოვნებო დარგებზე სწავლის მსურველები, რომელთაც უნდა ჩააბარონ მისაღები გამოცდა გერმანიაში. უმაღლეს სასწავლებლებში განაცხადების შემტან პირებს გერმანიის უცხოელების საქმეთა უწყება ვიზებს უგრძელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი წარადგენენ Zulassung-ს.
ენის მოსამზადებელი კურსების მონაწილეებმა, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ Zulassung-ი გერმანიის უმაღლესი სასწავლებლიდან, სავიზო პროცესში უნდა დაასაბუთონ, რომელ უმაღლეს სასწავლებელში სურთ შემდგომ სწავლა (მაგ. განაცხადის დადასტურების საბუთით). ენის ინტენსიური კურსი აშკარად უნდა ემსახურებოდეს გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის მომზადებას.
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი საგანაცხადო ანკეტა უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ განცხადებასთან ერთად (გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე);
განმცხადებლის შემთხვევაში, რომელსაც ჯერ არ შეუსრულდა 18 წელი, ანკეტაზე და განცხადებაზე ხელი უნდა მოაწეროს მზრუნველობის უფლების მქონე ყველა პირმა.
თუ მზრუნველობის უფლების ერთ-ერთ პირს არ შეუძლია ანკეტაზე და განცხადებაზე ხელის მოწერა, მან წერილობით, ნოტარიულად დამოწმებული ფორმით უნდა განაცხადოს თანხმობა სავიზო განაცხადის შემოტანაზე.
ამ შემთხვევაში უნდა დაურთოთ ამ პირის პასპორტის ან პირადობის მოწმობის სურათიანი გვერდის ერთი ასლი.
სამოგზაურო პასპორტი (და სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი);
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი და საზღვრის ბოლო გადაკვეთის დამადასტურებელი ცნობა თარგმანთან ერთად;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
თანხმობა (Zulassung) ან განაცხადის შეტანის დადასტურება (Bewerberbestätigung) ან უმაღლეს სასწავლებელში წინასწარი ჩაწერის საბუთი (Studienplatzvormerkung)
Bewerberbestätigung-ის წარდგენის შემთხვევაში სასწავლო ვიზის გასაცემად უნდა წარმოადგინოთ საბოლოო თანხმობა (Zulassung) ვიზის მიღებამდე. თუ მისი წარდგენა ვერ ხდება, მაშინ საჭიროების შემთხვევაში გაიცემა ვიზა უმაღლეს სასწავლებლებში განაცხადების შეტანის მიზნით (Studienbewerbung).
დოქტორანტებისათვის: უმაღლესი სასწავლებლის თანხმობა სადოქტორო პროგრამაში მიღებასთან დაკავშირებით (ორიგინალი), კურატორი პროფესორის/კურატორი კვლევითი დაწესებულების მიწვევა, ასევე სადოქტორო კვლევის მოკლე აღწერა და საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტის მიერ ხარისხის მინიჭებისთვის გაცემული თანხმობა (Zulassung zur Promotion).
გაცვლითი პროგრამის სტუდენტებისთვის: გერმანული უნივერსიტეტის თანხმობა ან მოწვევა
PDF-ის ამობეჭდილი დოკუმენტის წარდგენა საკმარისია, თუ მას აქვს უნივერისტეტის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და ბეჭედი. განაცხადის განხილვის პროცესში შესაძლებელია მოვითხოვოთ თანხმობის/მიწვევის ორიგინალი.
არსებობის შემთხვევაში: გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებთან კონტაქტების არსებობის საბუთები
სტუდენტად ცხოვრების დაფინანსების საბუთი მინიმუმ პირველი სასწავლო წლისთვის:
გერმანიაში არსებულ ბლოკირებულ ანგარიშზე ამჟამად წლიური 11.208 ევროს ოდენობის თანხის ჩარიცხვის საბუთი (2024 წლის 1 სექტემბრიდან ეს თანხა იზრდება 11.904 ევრომდე; 2024 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდი ითვლება გარდამავალ პერიოდად. ამ თანხიდან თვეში შესაძლებელია მხოლოდ მისი 1/12 ნაწილის გამოტანა. ბლოკირებული ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ყველა იმ საფინანსო ინსტიტუტებში გერმანიაში, რომელსაც საბანკო ოპერაციების წარმოების ნებართვა აქვს. ბლოკირებული ანგარიშის გახსნის დეტალები იხილეთ აქ.
ან
იმ პირებისთვის, რომლებსაც სასაწავლო განაცხადი აქვთ შეტანილი, მაგრამ თანხმობა ჯერ არ მიუღიათ, ეს თანხა შეადგენს 1027 ევროს თვეში (12.342 ევრო წელიწადში).
მიაქციეთ ყურადღება საინფორმაციო ფურცელს D3f.
სტიპენდიის გაცემის თანხმობა თვეში 992 ევროს ოდენობით. თუ სტიპენდიის თანხა ნაკლებია, მაშინ უნდა დაასაბუთოთ განსხვავების დაფინანსების შესაძლებლობა სწავლის პერიოდისთვის.
გთხოვთ, ასევე განმარტოთ, როგორ დააფინანსებთ სწავლას ერთი წლის შემდეგ.
თუ წარმოდგენილი არ არის საბოლოო თანხმობა (Zulassung), არამედ მხოლოდ მოწვევა მისაღები გამოცდის ჩასაბარებლად, მაშინ ეს ჩაითვლება უმაღლეს სასწავლებლებში განაცხადების შეტანის მიზნით გაცემულ ვიზად და უნდა დაგვისაბუთოთ თვეში 1027 ევროს ოდენობის თანხის არსებობა. ამ შემთხვევაში საკმარისია ბლოკირებულ ანგარიშზე 12.324 ევროს არსებობა თვეში 1027 ევროს გამოტანის შესაძლებლობით. გთხოვთ, იხილოთ დაფინანსებასთან დაკავშირებული საინფორმაციო ფურცელი D2f.
წინარე განათლების დამადასტურებელი საბუთები: სასკოლო და საუნივერსიტეტო ატესტატები და დიპლომები.
თუ გერმანიაში სწავლას არ იწყებთ უშუალოდ სკოლის დამთავრების ან ბოლო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შემდეგ: ამ შუალედურ პერიოდში საქმიანობის დამადასტურებელი საბუთები.
გაცვლითი პროგრამის სტუდენტებისთვის: ქართული უნივერსიტეტის ცნობა სწავლის შესახებ, სადაც მითითებულია სასწავლო კურსი და მიმართულება
გერმანულ ან ინგლისურ ენაზე შედგენილი და ხელმოწერილი სამოტივაციო წერილი, რომელშიც დეტალურად აღწერთ დაგეგმილი სწავლის მიზეზებსა და მომავალი პროფესიულ გეგმებს.
წლების მიხედვით ჩამოწერილი სრული ბიოგრაფია (CV) გერმანულ ენაზე, სადაც მითითებულია ზუსტი მისამართი და ტელეფონები.
სასწავლო ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საბუთი
თუ სწავლის დაწყებამდე უნდა დაესწროთ ენის კურსს: რომელიმე გერმანულ ენების სკოლის სწავლისათვის მოსამზადებელ ინტენსიურ ენის კურსზე რეგისტრაციის საბუთი (მინიმუმ 18 საათი კვირაში) სკოლის მისამართის, კურსის ხანგრძლივობისა და ენის კურსის დაწყებამდე ენის ცოდნის დონის მითითებით, ასევე კურსის საფასურის გადახდის საბუთი
თუ თანხმობის მიღების პირობას წარმოადგენს ენის გარკვეულ დონეზე ცოდნის აუცილებლობა, ენის შესაბამის დონეზე ცოდნის საბუთი უნდა წარმოადგინოთ უკვე ვიზაზე განაცხადის შემოტანისას ან არაუგვიანეს ვიზის მიღებისას.
დოქტორანტებისთვის აუცილებელია ასევე უნივერსიტეტის წერილის წარდგენა, რომელშიც დადასტურებულია, რომ ენის ცოდნა იქ უკვე შემოწმდა და საკმარისად ჩაითვალა.
გერმანული ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია აღიარებული სერტიფიკატების მეშვეობით (Goethe, Telc, ÖSD, TestDaF, DSH, Deutsches Sprachdiplom KMK, ECL)
ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია IELTS-ის ან TOEFL-ის გამოცდების საკმარისი შედეგებით.
საჭიროების შემთხვევაში სხვა საბუთები (მაგ.: სარეკომენდაციო წერილები და სხვა).
განმცხადებლებისთვის, რომლებსაც ჯერ არ შეუსრულდათ 18 წელი:
მზრუნველობის უფლების მქონე პირთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ბავშვის მარტო გამგზავრებისა და გერმანიაში ხანგრძლივი (!) ცხოვრების შესახებ, ასევე
წერილობითი საბუთი, ვის გადასცემენ მშობლები ბავშვის გერმანიაში ყოფნისას მასზე მზრუნველობის უფლებას ამ პირის პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლით, ასევე
განმცხადებლის დაბადების მოწმობის ერთი ასლი (თუ ეს ასლი უკვე არ იქნა წარდგენილი დაფინანსების დადასტურებისას)
სავიზო განაცხადზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ვიზის მიღებამდე უნდა წარმოადგინოთ მოქმედი სამედიცინო დაზღვევის საბუთი, თუ ეს საბუთი უკვე წინასწარ არ გაქვთ ჩაბარებული.
მხოლოდ გაცვლითი პროგრამების სტუდენტთათვის:
თუ დაგეგმილი სწავლის ხანგრძლივობა არ აღემატება ერთ წელს, შესაძლებელია ვიზა გაიცეს ამ მთლიანი პერიოდისათვის. ამიტომ დროულად დაუკავშირდით გერმანულ პარტნიორ უნივერსიტეტს და გაარკვიეთ, საჭირო არის თუ არა უნივერსიტეტში სწავლის დასაწყებად ჩვეულებრივი გერმანული სამედიცინო დაზღვევა. უნივერსიტეტის შესაბამისი წერილი და სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა გერმანიაში ყოფნის პირველი კვირებისთვის უნდა წარმოადგინოთ განაცხადის შემოტანისას. ყველაზე გვიან მისი წარდგენა აუცილებელია ვიზის გაცემისას.
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
სწავლისას შესაძლებელია სტუდენტური დასაქმების ფარგლებში მუშაობა და დამატებითი დროებითი საქმიანობის დაწყება (უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი). გარდა ამისა უმაღლესი სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია გაიცეს ქვეყანაში ყოფნის უფლება 18 თვემდე პერიოდისათვის გერმანიაში სამუშაო ადგილის (სწავლისას მიღებული კვალიფიკაციის მიხედვით) მოძიების მიზნით (უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი).
როგორც წესი, განაცხადის განხილვას სჭირდება ექვსიდან რვა კვირამდე, მაგრამ მინიმუმ ოთხი კვირა. ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს. განაცხადების განხილვა სტიპენდიატების შემთხვევაში, რომლებიც სტიპენდიას იღებენ გერმანიის საჯარო-სამართლებრივი დაწესებულებებიდან, როგორც წესი, გრძელდება მხოლოდ რამდენიმე სამუშაო დღე.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა არ არის საჭირო სავიზო განაცხადის შემოტანისას. გთხოვთ, ბილეთი დაჯავშნოთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია. გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებზე ვრცელდება საფასურის შემცირების ბილატერალური შეთანხმებები.
ინფორმაცია გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://www.study-in-germany.de/
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.