Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გასაჩივრების პროცედურის გაუქმება

01.07.2025 - სტატია

გასაჩივრების პროცედურა უქმდება - ცვლილება ძალაში შევიდა 2025 წლის 1 ივლისს 

გვინდა გაცნობოთ, რომ ვიზის გაცემაზე უარის შესახებ 2025 წლის 1 ივლისის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება აღარ არის შესაძლებელი. საელჩოებსა და გენერალურ საკონსულოებში შეტანილ საჩივრებს აღარ აქვს იურიდიული ძალა და ისინი აღარ განიხილება. იმ საჩივრებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება უარის შესახებ 2025 წლის 1 ივლისის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს, თქვენ აღარ მიიღებთ არც საჩივრის შემოსვლის დადასტურებას და არც ინფორმაციას საჩივრის განხილვის სტატუსთან დაკავშირებით. 

ერთადერთი გამონაკლისი: საჩივარი ვიზის გაცემაზე უართან დაკავშირებით განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უარის შესახებ უწყება გაიცა 2025 წლის 1 ივლისამდე. 

შესაძლებლობები ვიზის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში

ვიზის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში თქვენ გაქვთ ორი შესაძლებლობა:

  1. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ახალი ფასიანი სავიზო განაცხადის შემოტანა. ახალი განაცხადის შემთხევაში თქვენ თავიდან უნდა შემოიტანოთ ყველა მნიშვნელოვანი საბუთი. ეს განაცხადი ნეიტრალურად განიხილება არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შესაბამისად. 
  2. თქვენ შეგიძლიათ ბერლინის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოში შეიტანოთ ფასიანი სარჩელი ვიზის გაცემაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ამისათვის შეგიძლიათ დაიქირავოთ ადვოკატი, თუმცა ეს არ არის სავალდებულო. ადვოკატის დაქირავების შემთხვევაში შეიძლება დამატებით წარმოიშვას მისი მომსახურების ხარჯები. 

სასამართლო პროცედურის გადასახადს ადგენს სასამართლო. იგი დამოკიდებულია მოთხოვნილი ვიზების რაოდენობაზე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბერლინის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოს ვებ-გვერდზე: 

https://www.berlin.de/gerichte/verwaltungsgericht/service/visumsverfahren/

ინფორმაცია სარჩელთან დაკავშირებით

ვიზაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, სარჩელი შეიტანოთ ბერლინის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოში. ინსტრუქცია სამართლებრივ საშუალებებთან დაკავშირებით მოცემულია უარის შესახებ მიღებულ თქვენს უწყებაში. დამატებით დეტალებს იხილავთ სწორედ აღნიშნულ ინსტრუქციაში.

სარჩელის შეტანის ვადა, როგორც წესი, შეადგენს ერთ თვეს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების დღიდან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ სასამართლო განხილვის ენაა გერმანული (სასამართლოს შესახებ კანონის 184-ე მუხლი).

სასამართლო პროცესის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება სამწუხაროდ შეუძლებელია. პროცესის ზუსტ ხანგრძლივობას და მიმდინარეობას განსაზღვრავს სასამართლო. 

გვერდის დასაწყისში გადასვლა