Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი №D6: ვიზა გერმანიაში ხელმეორედ შესავლისათვის
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ხშირად დასმული შეკითხვები გერმანიაში ხელმეორედ შესავლისათვის საჭირო ვიზასთან დაკავშირებით
1. ჩემს ვადაგასულ პასპორტში ჩაკრულია ჩემი უვადო ვიზა. შემიძლია თუ არა საელჩოში ეს ვიზა ახალ პასპორტში გადავატანინო ან მჭირდება თუ არა ახალ პასპორტში ვიზა?
იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის მოქმედი ვიზა ძველი პასპორტის გაუქმების შედეგად არ დაზიანებულა, თქვენ როგორც წესი ძველ პასპორტთან ერთად ახალი პასპორტით უპრობლემოდ შეხვიდეთ გერმანიაში. იგივე წესი მოქმედებს, თუ თქვენ უკვე გაქვთ ბინადრობის ელექტრონული მოწმობა (პლასტიკური ბარათი).
ასეთ შემთხვევებში გერმანიაში ხელმეორედ შესასვლელად ვიზის გაცემა არ არის საჭირო.
ახალი პასპორტის შეკვეთისას შესაბამის სამსახურს უნდა სთხოვოთ, რომ მან გაუქმებული ძველი სრული პასპორტი უკან დაგიბრუნოთ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიზა დაკარგავს ძალას, თუ შესაბამისი გვერდები ძველი პასპორტისგან განცალკევდება.
გერმანიაში დაბრუნების შემეგ გთხოვთ მიმართოთ უცხოელთა მომსახურების სამსახურს (Ausländerbehörde) თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოითხოვოთ ახალი ვიზის/ბინადრობის მოწმობის გაცემა.
2. მომპარეს პასპორტი, რომელშიც იყო ჩაკრული ვიზა. როგორ მოვიქცე?
თქვენ ჯერ უნდა დაამზადებინოთ ახალი პასპორტი. შემდეგ უნდა დაჯავშნოთ საბუთების შეტანის დრო გერმანიის საელჩოში თბილისში და გააკეთოთ განაცხადი გერმანიაში ხელმეორედ შესვლასთან (Wiedereinreise) დაკავშირებით. სასწრაფო შემთხვევებში დაუკავშირდით საელჩოს ელ. ფოსტის მისამართზე visa@tifl.diplo.de და ითხოვეთ საბუთების ურიგოდ შეტანა. ამ შემთხვევაში უნდა დაასაბუთოთ გამონაკლისის დაშვების აუცილებლობა.
საბუთების შემოტანისას უნდა წარმოადგინოთ ქვემოთ მოცემული ყველა საბუთი.
რადგან ვიზის გაცემის პროცედურაში საჭიროა უცხოელთა მომსახურების გერმანიის იმ სამსახურის ჩართვა, რომელიც თქვენ საცხოვრებელ ადგილს კურირებს, გირჩევთ განაცხადის შემოტანამდე დაუკავშირდეთ მას და სთხოვოთ ე.წ. წინასწარი თანხმობის გაცემა. თუმცა უცხოელთა მომსახურების სამსახური არ არის ვალდებული, გასცეს ასეთი წინასწარი თანხმობა. ეს თავად აღნიშნული სამსახურის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
3. ჩემს ვიზას/ბინადრობის უფლებას გაუვიდა მოქმედების ვადა. როგორ მოვიქცე?
ამ შემთხვევაში უნდა დაჯავშნოთ საბუთების შეტანის დრო გერმანიის საელჩოში თბილისში და გააკეთოთ განაცხადი გერმანიაში ხელმეორედ შესვლასთან (Wiedereinreise) დაკავშირებით. სასწრაფო შემთხვევებში დაუკავშირდით საელჩოს ელ. ფოსტის მისამართზე visa@tifl.diplo.de და ითხოვეთ საბუთების ურიგოდ შეტანა. ამ შემთხვევაში უნდა დაასაბუთოთ გამონაკლისის დაშვების აუცილებლობა.
საბუთების შემოტანისას უნდა წარმოადგინოთ ქვემოთ მოცემული ყველა საბუთი.
რადგან ვიზის გაცემის პროცედურაში საჭიროა უცხოელთა მომსახურების გერმანიის იმ სამსახურის ჩართვა, რომელიც თქვენ საცხოვრებელ ადგილს კურირებს, გირჩევთ განაცხადის შემოტანამდე დაუკავშირდეთ მას და სთხოვოთ ე.წ. წინასწარი თანხმობის გაცემა. თუმცა უცხოელთა მომსახურების სამსახური არ არის ვალდებული, გასცეს ასეთი წინასწარი თანხმობა. ეს თავად აღნიშნული სამსახურის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
4. ბინადრობის ელექტრონული საბუთი გერმანიაში დამრჩა. როგორ მოვიქცე?
გთხოვთ ჯერ გაარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა გამოაგზავნინოთ გერმანიიდან აღნიშნული საბუთი. თუ ეს არ არის შესაძლებელი, მაშინ უნდა გაიაროთ იგივე პროცედურა, რომელიც მითითებულია მე-3 შეკითხვის პასუხში.
5. რამდენ ხანში მივიღებ ვიზას?
ზემოაღნიშნული წინასწარი თანხმობის წარმოდგენის შემთხვევაში ვიზის გაცემის პროცედურა როგორც წესი გრძელდება დაახლოებით ერთიდან სამ სამუშაო დღემდე. თქვენ შეგიძლიათ საბუთების შემოტანისას დატოვოთ საელჩოში პასპორტი.
თუ წინასწარი თანხმობა არ იქნება წარმოდგენილი, მაშინ უნდა დაველოდოთ უცხოელთა მომსახურების სამსახურის (Ausländerbehörde) პასუხს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ვერ გაგცემთ კონკრეტულ პასუხს ვიზის გაცემის პროცედურის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
ზოგადი ინფორმაცია
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი საგანაცხადო ანკეტა და განცხადება (უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე);
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
არსებობის შემთხვევაში: ძველი პასპორტის მონაცემთა გვერდების ასლი ან ბინადრობის მოწმობის ასლი.
გერმანიაში თქვენი ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთები. მაგ.: რეგისტრაციის მოწმობა, ხელფასის ცნობები, სტუდენტის მოწმობა, სამედიცინო დაზღვევის ბარათი და სხვა.
იმ შემთხვევაში თუ პასპორტი დაგეკარგათ ან მოგპარეს: პოლიციის ოქმი საგნის დაკარგვასთან დაკავშირებით თარგმანთან ერთად.
შესაბამის შემთხვევაში: დამატებითი დამადასტურებელი საბუთები და სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა (ვიზის გაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში პასპორტის გაცემამდე უნდა წარმოადგინოთ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის პოლისი, თუ მანამდე არ გაქვთ იგი წარმოდგენილი).
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
წინასწარი თანხმობის წარმოდგენის შემთხვევაში ვიზის გაცემის პროცედურა როგორც წესი გრძელდება დაახლოებით ერთიდან სამ სამუშაო დღემდე. თუ წინასწარი თანხმობა არ იქნება წარმოდგენილი, მაშინ უნდა დაველოდოთ უცხოელთა მომსახურების სამსახურის პასუხს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ვერ გაგცემთ კონკრეტულ პასუხს ვიზის გაცემის პროცედურის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ საქმის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.