Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D3e: ვიზა სასკოლო პროფესიული განათლებისა და საგნობრივ-თეორიული ფორმის პროფესიულ საკვალიფიკაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანაში ყოფნის შესახებ გერმანიის კანონის დებულებების შესაბამისად შესაძლებელია გაიცეს ვიზა გერმანიაში სასკოლო პროფესიული განათლების მიღებისთვის ან (უმთავრესად) საგნობრივ-თეორიული ფორმის პროფესიულ საკვალიფიკაციო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ე.ი. იგულისხმება პროფესიული განათლების ღონისძიებები, რომლებიც არ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მოცემულია ქვეყანაში ყოფნის შესახებ გერმანიის კანონის მე-16 მუხლში (სწავლა უმაღლეს სასწავლებელში) ან მე-17 მუხლში (განათლების მიღება საწარმოში). უმაღლეს სასწავლებელში ან საწარმოში სწავლის მსურველებმა იხილეთ შესაბამისი ცალკე საინფორმაციო ფურცელი.
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი საგანაცხადო ანკეტა უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ განცხადებასთან ერთად (გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე);
განმცხადებლის შემთხვევაში, რომელსაც ჯერ არ შეუსრულდა 18 წელი, ანკეტაზე და განცხადებაზე ხელი უნდა მოაწეროს მზრუნველობის უფლების მქონე ყველა პირმა.
თუ მზრუნველობის უფლების ერთ-ერთ პირს არ შეუძლია ანკეტაზე და განცხადებაზე ხელის მოწერა, მან წერილობით, ნოტარიულად დამოწმებული ფორმით უნდა განაცხადოს თანხმობა სავიზო განაცხადის შემოტანაზე.
ამ შემთხვევაში უნდა დაურთოთ ამ პირის პასპორტის ან პირადობის მოწმობის სურათიანი გვერდის ერთი ასლი.
სამოგზაურო პასპორტი (და სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი);
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
განმცხადებლის დაბადების მოწმობა,
სკოლის ატესტატი ან შესაბამისად ბოლო საუნივერსიტეტო განათლების დიპლომი
იმ უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობები, რომელზეც გაიმართება გაკვეთილები
თუ სკოლის დაწყებამდე ენის კურსებზე დადიხართ: რომელიმე გერმანული ენების სკოლის ენის ინტენსიურ კურსზე ჩარიცხვის საბუთი, სადაც მითითებული იქნება კურსის ადგილი, ხანგრძლივობა და ენის ცოდნის დონე კურსის დაწყებისას და დამთავრებისას, ასევე კურსის საფასურის გადახდის ცნობა.
გერმანული ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია მაგალითად აღიარებული სერტიფიკატებით (Goethe, Telc, ÖSD, TestDaF, DSH, Deutsches Sprachdiplom KMK, ECL). ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია IELTS ან TOEFL გამოცდების სერტიფიკატებით.
სასკოლო პროფესიული განათლების შემთხვევაში:
სასწავლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულება გადასახადის, ხანგრძლივობისა და შესაბამის შემთხვევაში (სახელმწიფო) პროფესიული სტატუსის მითითებით, რომელიც უნდა მოგენიჭოთ სწავლის დამთავრების შემდეგ.
სასკოლო პროფესიული განათლების პროფილი (სწავლების გეგმისა და შინაარსის მითითებით)
მითითება: სასკოლო პროფესიული განათლების მისაღებად ვიზის გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სასწავლო დაწესებულებაში სწავლება მხოლოდ ერთი ქვეყნის მოქალაქეებზე არ არის მიმართული.
უმთავრესად საგნობრივ-თეორიული ფორმის პროფესიულ საკვალიფიკაციო ღონისძიებების შემთხვევაში
საკვალიფიკაციო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულება გადასახადის, ხანგრძლივობისა და საკვალიფიკაციო ღონისძიების მითითებით.
საკვალიფიკაციო ღონისძიების პროფილი (გეგმისა და შინაარსის მითითებით)
შესაბამის შემთხვევაში, ამჟამინდელი დამსაქმებლის ცნობა საკვალიფიკაციო ღონისძიებაში მონაწილეობის აუცილებლობისა და კურსის მიმდინარეობის პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
ცხოვრების ხარჯების დაფინანსების საბუთი თვეში მინიმუმ 861 ევროს ოდენობით
იხილეთ საელჩოს შესაბამისი საინფორმაციო ფურცელი (№ D3f).
სკოლის ან კურსის გადასახადის არსებობის შემთხვევაში ასევე უნდა დაასაბუთოთ ამ თანხების გადახდის შესაძლებლობა (მაგ. თანხის გადარიცხვის საბუთი)
სამოტივაციო წერილი, სადაც დეტალურად იქნება მითითებული, თუ რატომ არის საჭირო აღნიშნულ სკოლაში ან საკვალიფიკაციო კურსებზე გამგზავრება და რა სამომავლო მიზნები გააჩნია განმცხადებელს.
საჭიროების შემთხვევაში სხვა ხელშემწყობი საბუთები
განმცხადებლებისთვის, რომლებსაც ჯერ არ შეუსრულდათ 18 წელი:
მზრუნველობის უფლების მქონე პირთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ბავშვის მარტო გამგზავრებისა და გერმანიაში ხანგრძლივი(!) ცხოვრების შესახებ, ასევე
წერილობითი საბუთი, ვის გადასცემენ მშობლები ბავშვის გერმანიაში ყოფნისას მასზე მზრუნველობის უფლებას, და ამ პირის პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი, ასევე
განმცხადებლის დაბადების მოწმობის ერთი ასლი (თუ ეს ასლი უკვე არ იქნა წარდგენილი დაფინანსების დადასტურებისას)
სავიზო განაცხადზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ვიზის მიღებამდე უნდა წარმოადგინოთ მოქმედი სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის საბუთი, თუ ეს საბუთი უკვე წინასწარ არ გაქვთ ჩაბარებული.
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
როგორც წესი, განაცხადის განხილვას სჭირდება ექვსიდან რვა კვირამდე. ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ განხილვის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა არ არის საჭირო სავიზო განაცხადის შემოტანისას. გთხოვთ, ბილეთი დაჯავშნოთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს), რომელიც უნდა გადაიხადოთ განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.