Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D2m: ვიზა კონტინგენტზე ორიენტირებული მოკლევადიანი დასაქმებისთვის
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს მიერ გაცემული წინასწარი თანხმობისა და ქვემოთ მოცემული საბუთების საფუძველზე, უცხოელთა დასაქმების შესახებ ბრძანებულების მე-15d მუხლის შესაბამისად, შესაძლებელია გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმებისათვის სავიზო განაცხადის შემოტანა. ამ შემთხვევაში დასაქმებისთვის აუცილებელი არ არის შესაბამისი კვალიფიკაციის ქონა.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას. საელჩოში ვიზიტზე დარეგისტრირდით (RK-Termin diplo.de) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ წინაპირობებს და შეგეძლებათ ყველა აუცილებელი საბუთის წარმოდგენა. თუ წინაპირობებს ვერ აკმაყოფილებთ ან საბუთების საფუძველზე წინაპირობების არსებობა ვერ დადასტურდება, შეიძლება უარი მიიღოთ ვიზის გაცემაზე.
საელჩო შეეცდება, რაც შეიძლება სწრაფად განიხილოს თქვენი განაცხადი. განხილვის დასრულებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას. გთხოვთ, თავი შეიკავოთ განაცხადის განხილვის მდგომარეობის შესახებ შეკითხვების გამოგზავნისგან საბუთების შემოტანიდან ოთხი კვირის განმავლობაში. ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა სავიზო განყოფილებისთვის დამატებით სამუშაოს წარმოადგენს, რაც აჭიანურებს განაცხადების განხილვას.
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი. გთხოვთ, საბუთები შეკრათ სკრეპით და არ აკინძოთ სტეპლერით.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ლათინური ასოებით (გერმანულად ან ინგლისურად) სრულყოფილად (შეძლებისდაგვარად კომპიუტერში) შევსებული, პირადად ხელმოწერილი და ამობეჭდილი საგანაცხადო ანკეტა.
1 პირადად ხელმოწერილი ფორმულარი - ინფორმაცია არასწორი და ყალბი მონაცემების მითითებასთან დაკავშირებით (თანდართული აქვს საგანაცხადო ანკეტას).
1 პირადად ხელმოწერილი ფორმულარი - ინფორმაცია სამუშაო ადგილის შემოთავაზების არსებობასთან დაკავშირებით (თანდართული აქვს საგანაცხადო ანკეტას).
ლათინური ასოებით (გერმანულად ან ინგლისურად) (შეძლებისდაგვარად კომპიუტერში) დაწერილი სრულყოფილი ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია.
2 ბიომეტრიული ფოტოსურათი, რომელიც გადაღებული უნდა იყოს ბოლო 6 თვეში, თეთრ ფონზე, ზომა 45მმ х 35მმ, ერთი ფოტოსურათი დააწებეთ საგანაცხადო ანკეტას.
მოქმედი სამოგზაურო პასპორტი, ორიგინალი და 1 ასლი. პასპორტში უნდა იყოს მინიმუმ 2 ცარიელი გვერდი.
გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს მიერ გაცემული წინასწარი თანხმობა (Vorabzustimmung), ორიგინალი და ერთი ასლი.
დამსაქმებლის მიერ სრულად შევსებული და ხელმოწერილი გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს ფორმულარი „Erklärung zum Beschäftigungsverhältnis“ (არ უნდა იყოს 6 თვეზე მეტი ხნის), ორიგინალი და ერთი ასლი
დამსაქმებლის მიერ სრულად შევსებული და ხელმოწერილი გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს ფორმულარი „Zusatzblatt für einen Aufenthalt im Rahmen der kurzzeitigen kontingentierten Beschäftigung, Zusatzblatt D“ (არ უნდა იყოს 6 თვეზე მეტი ხნის), ორიგინალი და ერთი ასლი
გადასახადი: სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს. საფასურის გადახდა ხორციელდება განაცხადის შემოტანისას მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ლარში.
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.