Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D2b: ვიზა სამუშაოს დასაწყებად (ევროკავშირის ლურჯი ბარათი/Blue Card EU)
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ განაცხადი, თუ აკმაყოფილებთ შემდეგ წინაპირობებს:
გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული და გერმანიაში აღიარებული ან გერმანულთან შესაბამისი უმაღლესი განათლება ან გერმანიაში მიღებული უმაღლესი განათლება და მისაღები წლიური საერთო ხელფასი მინიმუმ 43800 ევროს ოდენობით, თვეში მინიმუმ 3.650,00 ევრო (2023 წლისათვის), წლიური საერთო ხელფასი მინიმუმ 45300 ევროს ოდენობით, თვეში მინიმუმ 3.775,00 ევრო (2024 წლისათვის)
- ე.წ. „დიდი ლურჯი ბარათი“,
ან
გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული და გერმანიაში აღიარებული ან გერმანულთან შესაბამისი განათლება, რომელიც მიღებულ იქნა ევროკავშირის ლურჯი ბარათის ვიზაზე განაცხადის შეტანამდე მაქსიმუმ სამი წლით ადრე, და მისაღები წლიური საერთო ხელფასი მინიმუმ 39682,80 ევროს ოდენობით, თვეში მინიმუმ 3.306,90 ევრო (2023 წლისათვის), წლიური საერთო ხელფასი მინიმუმ 41.041,80 ევროს ოდენობით, თვეში მინიმუმ 3.420,15 ევრო (2024 წლისათვის)
- ე.წ. ლურჯი ბარათი დამწყები სპეციალისტებისთვის,
ან
გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული და გერმანიაში აღიარებული ან გერმანულთან შესაბამისი უმაღლესი განათლება, დასაქმება იმ პროფესიებში, რომლებშიც არსებობს სპეციალისტთა განსაკუთრებული ნაკლებობა და მისაღები წლიური საერთო ხელფასი მინიმუმ 39682,80 ევროს ოდენობით, თვეში მინიმუმ 3.306,90 ევრო (2023 წლისათვის), წლიური საერთო ხელფასი მინიმუმ 41.041,80 ევროს ოდენობით, თვეში მინიმუმ 3.420,15 ევრო (2024 წლისათვის)
- ლურჯი ბარათი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პროფესიებისთვის.
შემდეგ ვებ-გვერდზე იხილავთ ინფორმაცია ასევე ასეთი პროფესიების შესახებ:
https://www.make-it-in-germany.com/de/visum-aufenthalt/arten/blaue-karte-eu
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე;
სამოგზაურო პასპორტი (და სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი);
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
დამსაქმებლის მიერ შევსებული და ხელმოწერილი ფორმულარი „Erklärung zum Beschäftigungsverhältnis“ (დასაქმების შესახებ თანხმობა) ერთ ასლთან ერთად.
ევროკავშირის ლურჯი ბარათის მისაღებად დაწესებულია სახელფასო განაკვეთები, რომლებსაც ყოველწლიურად აცხადებს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო. აუცილებელი მინიმალური ბრუტო ხელფასი 2022 წლისთვის შეადგენს:
43,992.- ევროს საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტებისთვის, მათემატიკოსებისთვის და ინჟინრებისთვის, ექიმებისთვის და IT-სპეციალისტებისთვის (ეგრეთ წოდებული MINT-პროფესიებისთვის) და
56.400,- ევროს ყველა სხვა პროფესიისთვის.
2023 წლისთვის:
45,552.- ევროს საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტებისთვის, მათემატიკოსებისთვის და ინჟინრებისთვის, ექიმებისთვის და IT- სპეციალისტებისთვის (ეგრეთ წოდებული MINT-პროფესიებისთვის) და
58,400.- ევროს ყველა სხვა პროფესიისთვის.
უმაღლესი განათლების დიპლომი საგნების ჩამონათვალით
დიპლომის აღიარების დამადასტურებელი საბუთი: ევროკავშირის ლურჯი ბარათის მისაღებად თქვენი უცხოური უმაღლესი განათლების დიპლომი როგორც წესი აღიარებული უნდა იქნეს ან უნდა შეესაბამებოდეს გერმანიის უმაღლესი განათლების დიპლომს. აღნიშნულის გადამოწმება შეგიძლიათ ANABIN-ის მონაცემთა ბაზაში. გთხოვთ, განაცხადს დაურთოთ ამონაწერი ANABIN-ის მონაცემთა ბანკიდან. თუ თქვენი სპეციალობა/უმაღლესი სასწავლებელი არ არის მონაცემთა ბაზაში ან თქვენი დიპლომი არ არის შეფასებული სტატუსით „entspricht“/“gleichwertig“ და/ან უმაღლესი სასწავლებელი არ არის შეფასებული როგორც „H+“, მაშინ როგორც წესი ჯერ უცხოეთის საგანმანათლებლო საკითხების ცენტრალურმა უწყებამ (ZAB) უნდა შეაფასოს დიპლომი. აღიარება საჭიროა ასევე იმ დიპლომების, რომლებიც აღნიშნულია სტატუსით „bedingt vergleichbar“.
„რეგლამენტირებულ პროფესიებში“ დასაქმებისას, რომლებისთვისაც საჭიროა პროფესიის განხორციელების ნებართვა, მაგ. ექიმებისთვის, ინჟინრებისთვის (სრული სია მოცემულია გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოში და ევროკავშირის კომისიაში), საკმარისია შესაბამისი სააკრედიტაციო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიის განხორციელების ნებართვა ან თანხმობა პროფესიის განხორციელების ნებართვის გაცემაზე (მაგ. სამედიცინო პროფესიებისთვის: გერმანიის ტერიტორიაზე აპრობაციის უწყების გადაწყვეტილება, ე.ი. თანხმობა პროფესიის განხორციელების ნებართვის გაცემაზე ან საექიმო აპრობაციის გაცემა).
არსებობის შემთხვევაში: უცხო ენების სწავლის დამადასტურებელი საბუთები, მაგ. სერტიფიკატები ან ენის კურსების გავლის ცნობები.
წლების მიხედვით წარმოდგენილი სრული ბიოგრაფია (CV) გერმანულ ენაზე, სადაც ასევე მითითებული იქნება ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები.
შესაბამის შემთხვევაში: დამატებით დამხმარე საბუთები (მაგ. დამსაქმებლის ცნობა, სარეკომენდაციო წერილები)
ვიზის გაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში პასპორტის გაცემამდე უნდა წარმოადგინოთ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის პოლისი, თუ მანამდე არ გაქვთ იგი წარმოდგენილი;
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება რამდენიმე სამუშაო დღე იმ შემთხვევაში, თუ განხილვის პროცედურაში არ არის გერმანიის შიდა უწყებების ჩართვის საჭიროება ან გერმანიაში არ გიცხოვრიათ დიდი ხნის განმავლობაში. თუ საჭირო გახდა პროცედურაში გერმანიის შიდა უწყებების ჩართვა ან გიცხოვრიათ გერმანიაში, მაშინ განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება ექვსიდან რვა კვირამდე, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ საქმის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია.
თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა არ არის საჭირო სავიზო განაცხადის შემოტანისას. გთხოვთ, ბილეთი დაჯავშნოთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.
დასაქმებასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:
Make it in Germany: სპეციალისტთა ინგლისურენოვანი პორტალი, სადაც მოცემულია რჩევები სამსახურის მოძიებასთან, პროფესიებთან და სხვა შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით. აქ ასევე იხილავთ მოკლე საინფორმაციო ფილმს „24h in Deutschland“ (24 საათი გერმანიაში).
Migration-Check: გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს საიტზე მოცემული მოკლე საორიენტაციო ინფორმაცია, შესაძლებელია თუ არა გერმანიაში საერთოდ მუშაობის უფლების მიღება.