Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D2a: ვიზა სამუშაოს დასაწყებად სხვის კომპანიაში
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
წინამდებარე ინფორმაცია განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც გეგმავენ გერმანიაში, სხვის კომპანიაში სამუშაოს დაწყებას. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ასევე საერთაშორისო საკადრო გაცვლითი პროგრამის მონაწილეები, გერმანიაში წარგზავნილი პირები, კომპანიებს შორის პერსონალის შიდა ტრანსფერში მონაწილეები (ICT-ბარათი). სხვა მიზნით გამგზავრების შემთხვევაში გაითვალისწინეთ ინფორმაცია, რომელიც მოცემულია შესაბამის საინფორმაციო ფურცლებში.
გერმანიაში სხვის კომპანიაში სამუშაოს დასაწყებად აუცილებელია მუშაობის უფლების მიღება. ეს უფლება გაიცემა ვიზასთან ერთად ყველა აუცილებელი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. თქვენს დამსაქმებელს წინასწარ შეუძლია მიიღოს გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს თანხმობა (VAZ) სასურველი საქმიანობისთვის. აღნიშნული წინასწარი თანხმობის წარდგენა სავიზო განაცხადთან ერთად დააჩქარებს ვიზის გაცემის პროცედურას. მუშაობის უფლების გაცემა რეგულირდება დასაქმების წესების (Beschäftigungsverordnung) შესაბამისად. მხოლოდ მასში მოცემულ საქმიანობებზე არის შესაძლებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება გერმანიაში.
განმცხადებლებმა, რომლებსაც აქვთ გერმანიაში მიღებული უმაღლესი განათლება ან გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული და გერმანიაში აღიარებული უმაღლესი განათლება ან გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული გერმანიის უმაღლესი განათლების შესაბამისი უმაღლესი განათლება და წლიური სრული ხელფასი მინიმუმ 48300 ევროს ოდენობით (შესაბამისად თვეში მინიმუმ 4.025,00 ევრო) ან აქვთ უმაღლესი განათლება იმ პროფესიაში, რომელშიც არსებობს სპეციალისტთა განსაკუთრებული ნაკლებობა და წლიური სრული ხელფასი მინიმუმ 43760 ევროს ოდენობით (შესაბამისად თვეში მინიმუმ 3.647,00 ევრო) (2025 წლის მდგომარეობით), უნდა გაითვალისწინოთ ინფორმაცია, რომელიც მოცემულია საინფორმაციო ფურცელში „ევროკავშირის ლურჯი ბარათი“.
განმცხადებლებმა, რომლებსაც სურთ ვიზის მიღება ექიმად მუშაობის მიზნით, იხილეთ საინფორმაციო ფურცელი „ვიზა სამუშაოს დასაწყებად ექიმებისათვის“.
სხვადასხვა პროფესიის დამწყებმა სპეციალისტებმა ევროკავშირის ლურჯი ბარათის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე:
http://www.make-it-in-germany.com/de/visum-aufenthalt/arten/blaue-karte-eu
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებული, ამობეჭდილი და ხელმოწერილი საგანაცხადო ანკეტა;
ხელმოწერილი დასტური, აუცილებელი ინფორმაციის მიღების შესახებ;
სამოგზაურო პასპორტი (და სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი);
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
დამსაქმებლის მიერ შევსებული და ხელმოწერილი ფორმულარი „Erklärung zum Beschäftigungsverhältnis“, ორიგინალი და ერთი ასლი
თქვენი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი თარგმანთან ერთად, მაგ.:
უმაღლესი განათლების დიპლომი საგნების ჩამონათვალით
სამუშაო ვიზის მიღებამდე თქვენი უცხოური უმაღლესი განათლების დიპლომი როგორც წესი აღიარებული უნდა იქნეს ან უნდა შეესაბამებოდეს გერმანიის უმაღლესი განათლების დიპლომს (გამონაკლისი ეხება ასევე პერსონალის გაცვლას, თანამშრომლის წარგზავნას, ჟურნალისტებს, დასაქმების დებულების მე-4 მუხლში გათვალისწინებულ სპეციალისტებს, გადამზადების მიზნით მომუშავე დასაქმებულებს). აღნიშნულის გადამოწმება შეგიძლიათ ANABIN-ის მონაცემთა ბაზაში. გთხოვთ, განაცხადს დაურთოთ ამონაწერი ANABIN-ის მონაცემთა ბანკიდან.
თუ თქვენი სპეციალობა/უმაღლესი სასწავლებელი არ არის მონაცემთა ბაზაში ან დიპლომი არ არის შეფასებული სტატუსით „entspricht“/“gleichwertig“ და/ან უმაღლესი სასწავლებელი არ არის შეფასებული როგორც „H+“, მაშინ როგორც წესი ჯერ უცხოეთის საგანმანათლებლო საკითხების ცენტრალურმა უწყებამ (ZAB) უნდა შეაფასოს დიპლომი. აღიარება საჭიროა ასევე იმ დიპლომების, რომლებიც აღნიშნულია სტატუსით „bedingt vergleichbar“.
დასრულებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი საბუთი
მიღებული სახელობო/პროფესიული განათლება უნდა შეესაბამებოდეს პროფესიული განთლების შესახებ გერმანიაში მოქმედ სტანდარტებს.
პროფესიული განათლების აღიარებისთვის საჭიროა, რომ გერმანიის შესაბამისმა უწყებამ დაადგინოს უცხოეთში მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისობა გერმანიაში მოქმედ სტანდარტებთან. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ ვებ-გვერდზე www.anerkennung-in-deutschland.de.
შესაბამის შემთხვევაში დამატებით: შესაბამისი პროფესიული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი საბუთები.
არსებობის შემთხვევაში: უცხო ენების სწავლის დამადასტურებელი საბუთები, მაგ. სერტიფიკატები ან ენის კურსების გავლის ცნობები
წლების მიხედვით წარმოდგენილი სრული ბიოგრაფია (CV) გერმანულ ენაზე, სადაც ასევე მითითებული იქნება ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები.
- მათთვის, რომელთა ასაკიც აღემატება 45 წელს: თქვენი ხელფასი უნდა შეადგენდეს საყოველთაო საპენსიო დაზღვევაში წლიური შენატანის ზედა ზღვარის მინიმუმ 55 პროცენტს. 2025 წელს ეს შეესაბამება 4.428 ევროს ოდენობის მინიმალურ ხელფასს თვეში (შესაბამისად მინიმუმ 53.130 ევროს წელიწადში).
შესაბამის შემთხვევაში: დამატებით დამხმარე საბუთები (მაგ. დამსაქმებლის ცნობა, სარეკომენდაციო წერილები)
ICT-ბარათისთვის დამატებით უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან უკვე ექვს თვეზე მეტ ხანს გრძელდება,
შრომითი ხელშეკრულება,
ტრანსფერის დამადასტურებელი წერილი და
ქართველი დამსაქმებლის გარანტია დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომ ტრანსფერის დასრულების შემდეგ საქართველოში თქვენ სამუშაო ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობა გექნებათ.
სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა ან ქვეყანაში შესასვლელად საჭირო სამედიცინო დაზღვევა (ე.წ. Incoming-Krankenversicherung) გარდამავალი პერიოდისთვის, რომელიც მოიცავს ქვეყანაში დაგეგმილი შესვლიდან შრომითი ურთიერთობის დაგეგმილ დაწყებამდე პერიოდს (სამედიცინო დაზღვევის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს მინიმუმ ერთ კვირას);
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება რამდენიმე სამუშაო დღე იმ შემთხვევაში, თუ განხილვის პროცედურაში არ არის გერმანიის შიდა უწყებების ჩართვის საჭიროება ან გერმანიაში არ გიცხოვრიათ დიდი ხნის განმავლობაში. თუ საჭირო გახდა პროცედურაში გერმანიის შიდა უწყებების ჩართვა ან გიცხოვრიათ გერმანიაში, მაშინ განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება ექვსიდან რვა კვირამდე, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ საქმის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია.
თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა არ არის საჭირო სავიზო განაცხადის შემოტანისას. გთხოვთ, ბილეთი დაჯავშნოთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.
დასაქმებასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:
Make it in Germany: სპეციალისტთა ინგლისურენოვანი პორტალი, სადაც მოცემულია რჩევები სამსახურის მოძიებასთან, პროფესიებთან და სხვა შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით. აქ ასევე იხილავთ მოკლე საინფორმაციო ფილმს „24h in Deutschland“ (24 საათი გერმანიაში).
Migration-Check: გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს საიტზე მოცემული მოკლე საორიენტაციო ინფორმაცია, შესაძლებელია თუ არა გერმანიაში საერთოდ მუშაობის უფლების მიღება.