Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D1a: ვიზა მეუღლესთან საცხოვრებლად გასამგზავრებლად
ქვემოთ მოყვანილი მონაცემები ასევე ეხება დარეგისტრირებულ ერთსქესიან პარტნიორებს შესაბამისი კანონის (LPartG) მიხედვით.
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
დაგეგმილი დაქორწინებისათვის საჭირო ვიზის მისაღებად ყურადღება მიაქციეთ საელჩოს სპეციალურ საინფორმაციო ფურცელს.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებულიდა პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე.
სამოგზაურო პასპორტი (და სურათიანი გვერდის ერთი კარგი ხარისხის ასლი);
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
ქორწინების მოწმობა;
ადრინდელი ქორწინებების შემთხვევაში: ყველა ადრინდელი ქორწინების, გარდაცვალების, განქორწინების მოწმობები/განქორწინების განაჩენები იურიდიულ ძალაში შესვლის ჩანაწერებით, გვარის შეცვლის მოწმობები
გერმანიაში მცხოვრები მეუღლის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ერთი ასლი, ასევე საცხოვრებლ ადგილზე რეგისტრაციის ცნობის ერთი ასლი (რომელიც განაცხადის შემოტანისას ექვს თვეზე დიდი ხნის არ უნდა იყოს), ხოლო უცხოეთის მოქალაქის შემთხვევაში დამატებით გერმანიაში ყოფნის უფლების ორი ასლი
გერმანიაში საცხოვრებლად ერთად გადასვლის შემთხვევაში: ქირავნობის ხელშეკრულება, ქონების ფლობის დასტური ან მსგავსი საბუთი მომავალი საცხოვრებელი მისამართის მითითებით
გერმანიაში მცხოვრები მეუღლის მიერ თავისუფალი ფორმით შედგენილი მიწვევა, რომლითაც იგი ადასტურებს ერთობლივად ცხოვრებისა და მასთან ჩასული მეუღლისათვის ფინანსური თვალსაზრისით ზრუნვის სურვილს.
გერმანიაში მცხოვრები მეუღლის შემოსავლის დამადასტურებელი საბუთები (მინიმუმ ბოლო სამი თვის).
გერმანული ენის ელემენტარულ დონეზე (A1) ცოდნის დამადასტურებელი საბუთი ენის სერტიფიკატის სახით (და არა ენის კურსში მონაწილეობის მიღების საბუთი!). თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, სად ისწავლით ენას. საელჩო აღიარებს მხოლოდ სერტიფიცირებული ორგანიზაციების A1-სერტიფიკატებს: გოეთეს ინსტიტუტი, ავსტრიის ენის დიპლომი - ÖSD, Telc-GmbH, TestDaF და ECL საგამოცდო ცენტრი (გთხოვთ, გაეცნოთ დამატებით ინფორმაციას და გამონაკლისებს სპეციალურ საინფორმაციო ფურცელში გერმანული ენის ელემენტარული ცოდნის დადასტურების შესახებ).
საჭიროების შემთხვევაში სხვა საბუთები და სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა (სავიზო განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ვიზის მიღებისას უნდა წარადგინოთ სამოგზაურო ჯანმრთელობის დაზღვევის მოქმედი საბუთი, თუ ასეთი საბუთი უკვე წინასწარ არ გაქვთ ჩაბარებული).
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
მეუღლესთან საცხოვრებლად გადასვლისათვის საჭირო ვიზა გაიცემა მხოლოდ სრულწლოვან პირთათვის (18 წლის ზევით)
დამატებით ინფორმაციას „საზღვარგარეთიდან მეუღლესთან გერმანიაში საცხოვრებლად ჩასვლისთვის აუცილებელი გერმანული ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნის საბუთის შესახებ“ იხილავთ გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური უწყების სპეციალურ ბროშურაში გერმანულად და ინგლისურად.
განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება დაახლოებით 10-12 კვირა, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია. გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებზე ვრცელდება საფასურის შემცირების ბილატერალური შეთანხმებები.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.