Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

საინფორმაციო ფურცელი № D2n: ვიზა საგზაო სატვირთო გადაზიდვების პროფესიონალ მძღოლად დასაქმებისათვის

სტატია

გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!

ძირითადი ინფორმაცია

ამ საინფორმაციო ფურცელში მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა მონაცემებსა და შეფასებებს, რომლებიც საელჩოს ტექსტის შედგენის დროისთვის გააჩნია. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის სრულყოფილებასა და სისწორეზე, განსაკუთრებით დროდადრო შესული ცვლილებების გამო.

წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი განასხვავებს ორი კატეგორიის პროფესიონალ მძღოლებს:

  • მძღოლებს, რომლებიც ფლობენ ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური სივრცის C1, CE1, C, CE, D1, D1E, D ან DE კატეგორიების მართვის მოწმობას და „საქონლისა და მგზავრების გადასაყვანად გარკვეული ავტომობილების მძღოლების ძირითადი კვალიფიკაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ“ გერმანიის კანონის შესაბამისად მიღებული აქვთ (დაჩქარებული) ძირითადი კვალიფიკაცია (იხილე ნაწილი A: ვიზა უცხოელთა დასაქმების შესახებ განკარგულების 24ა მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად) და 

  • მძღოლებს, რომლებსაც გერმანიაში ჯერ მისაღები აქვთ მართვის მოწმობა და/ან ძირითადი კვალიფიკაცია (იხილე ნაწილი B: ვიზა უცხოელთა დასაქმების შესახებ განკარგულების 24ა მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად). 

ორივე შემთხვევაში სავიზო განაცხადისათვის გჭირდებათ შემდეგი საბუთები:

  • შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი ეროვნული ვიზის საგანაცხადო ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 53-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად 

  • ბოლო 6 თვეში გადაღებული ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი, თეთრ ფონზე, ზომით 45x35მმ

  • სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა მოთხოვნილი პერიოდის ვადით, თუმცა გერმანიაში დაგეგმილი შესვლის თარიღიდან მინიმუმ ერთი თვის ვადით

ყველა შემდგომი საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად.

  • სამოგზაურო პასპორტი (პასპორტი უნდა იყოს ხელმოწერილი და ჰქონდეს მინიმუმ 3 ცარიელი გვერდი

  • მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის მოწმობის ორივე გვერდი

  • მომავალი დამსაქმებლის მიერ შევსებული ფორმულარი „Erklärung zum Beschäftigungsverhältnis“ და დამატებითი ფურცელი C (Zusatzblatt C), რომლის ნახვაც შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.make-it-in-germany.com/de/unternehmen/einreise/arbeitsmarktzulassung/berufskraftfahrer

  • ბიოგრაფია (CV) ყოფილი დამსაქმებლების მითითებით (დამსაქმებლების ადგილსამყოფელის მითითების ჩათვლით)

  • მათთვის, რომელთა ასაკიც აღემატება 45 წელს: ან ხელფასის საბუთი, რომელიც შეესაბამება საყოველთაო საპენსიო დაზღვევაში წლიური შენატანის ზედა ზღვარის მინიმუმ 55 პროცენტს (2024 წელს: ბრუტო 4152,5 ევრო თვეში / 49830 ევრო წელიწადში) ან სათანადო საპენსიო უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთები.

ნაწილი A: ევროკავშირის მართვის მოწმობის და ევროკავშირის ძირითადი კვალიფიკაციის არსებობის შემთხვევაში

  • ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური სივრცის მართვის მოწმობა და ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური სივრცის ძირითადი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი

  • ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური სივრცის ძირითადი კვალიფიკაციის მიღების დროს ქართველ დამსაქმებელთან მუშაობის დამადასტურებელი საბუთი (მაგალითად შრომის ხელშეკრულება) ან ცნობები.

ნაწილი B: ევროკავშირის მართვის მოწმობის და ევროკავშირის ძირითადი კვალიფიკაციის ჯერ არარსებობის შემთხვევაში

  • შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ასევე გავალდებულებთ ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური სივრცის მართვის მოწმობის და/ან ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური სივრცის ძირითადი კვალიფიკაციის მისაღებ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;

  • თუ კვალიფიცირების ღონისძიების დროს სხვა სახის საქმიანობას ეწევით (მაგ. საქმიანობას საწყობში, სახელოსნოში, მძღოლის დამხმარის პოზიციაზე), შრომით ხელშეკრულებაში და  დამსაქმებლის განცხადებაში (Erklärung zum Beschäftigungsverhältnis) უნდა ჩანდეს, რომ სამუშაო პირობები კვალიფიცირების ღონისძიების პერიოდში ისე არის მოწესრიგებული, რომ მართვის მოწმობის, კვალიფიკაციისა და საჭირო საბუთების მიღება შესაძლებელია 15 თვის განმავლობაში;

  • საკვალიფიკაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ კონკრეტული სამუშაო შეთავაზება საგზაო სატვირთო გადაზიდვების პროფესიონალი მძღოლის პოზიციაზე იმავე დამსაქმებლისგან (უნდა შეავსოს მომავალმა დამსაქმებელმა ფორმულარში „Erklärung zum Beschäftigungsverhältnis“)

  • დაგეგმილი საკვალიფიკაციო ღონისძიებების, მაგალითად გერმანიის მართვის მოწმობის და გერმანიაში აუცილებელი ძირითადი კვალიფიკაციის დაგეგმილი მიღების, გერმანული ენის და/ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა უნარების დაგეგმილი შესწავლის დამადასტურებელი საბუთი, მაგ. შესაბამის კურსებზე განაცხადის შეტანის დამადასტურებელი საბუთი,

  • გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული მოქმედი მართვის მოწმობა, რომელიც სატვირთო გადაზიდვების პროფესიონალ მძღოლად საქმიანობის უფლებას იძლევა,

  • არსებობის შემთხვევაში: საქართველოში მიღებული ევროკავშირის ძირითადი კვალიფიკაცია, რომელიც ასევე მოიცავს ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური სივრცის კვალიფიკაციის მიღების პერიოდში ქართველ დამსაქმებელთან მუშაობის დამადასტურებელ საბუთს (მაგ. შრომით ხელშეკრულებას).

დამატებითი მნიშვნელოვანი მითითებები

  • ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც გერმანიაში მიღებული აქვს პროფესიული განათლება სატვირთო გადაზიდვების პროფესიონალი მძღოლის სპეციალობით ან გერმანიის ფარგლებს გარეთ აქვს აღნიშნული პროფესიული განათლება მიღებული, რომელიც აღიარებულია გერმანიაში, შეიძლება მიეცეს ვიზა პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტად დასაქმებისთვის უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის მე-18ა მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში გთხოვთ, გაითვალისწინოთ სამუშაოს დაწყების ვიზის მიღებისთვის საჭირო ინფორმაცია. გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობა უნდა დაასაბუთოთ კომპეტენტური უწყების მიერ გაცემული დოკუმენტით!

  • საქმიანობები, რომლებისთვისაც მხოლოდ B კატეგორიის მართვის ან მგზავრთა გადაყვანის უფლების მოწმობაა საჭირო, არ მოიაზრება უცხოელთა დასაქმების შესახებ განკარგულების 24ა მუხლის რეგულაციებში. 

  • საგზაო სატვირთო გადაზიდვებში მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვები (18, 21, და 23 წელი).

  • თუ მოთხოვნილია დოკუმენტის თარგმანი, იგულისხმება თარგმანი გერმანულ ენაზე.

  • ცალკეულ შემთხევებში განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვის პერიოდში შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთების წარმოდგენა, რომლებიც აქ არ არის მითითებული.

  • ყურადღება მიაქციეთ, რომ საბუთები სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. 

გადასამოწმებელი სია

ქვემოთ მოცემული სია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საბუთების გაკონტროლებას და მომზადებას სავიზო განაცხადის შემოტანისათვის. გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი დააწყოთ ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით. იმავე თანმიმდევრობით დაალაგეთ თქვენი საბუთების ორიგინალები. ორიგინალები მაშინვე დაგიბრუნდებათ სავიზო განყოფილებაში შემოწმების შემდეგ. 

  • საგანაცხადო ანკეტა ერთ ფოტოსურათთან ერთად

  • სამოგზაურო პასპორტი + უცხოეთის მოქალაქეების შემთხვევაში ბინადრობის მოწმობა

  • შრომითი ხელშეკრულება

  • ფორმულარი „Erklärung zum Beschäftigungsverhältnis“ და მისი დანართი C, 

  • ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური სივრცის მართვის მოწმობა ან მის ფარგლებს გარეთ მიღებული მართვის მოწმობა, 

  • შესაბამის შემთხვევაში: ძირითადი კვალიფიკაციის მიღების დამადასტურებელი საბუთი + კვალიფიკაციის მიღების პერიოდში შრომითი ურთიერთობების და (მესამე ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში) საქართველოში ბინადრობის უფლების დამადასტურებელი საბუთები,

  • შესაბამის შემთხვევაში: საკვალიფიკაციო ღონისძიების დამადასტურებელი საბუთი,

  • შესაბამის შემთხვევაში: სამუშაო ადგილის ოფიციალური შემოთავაზება საკვალიფიკაციო ღონისძიების გავლის შემდეგ (აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული ფორმულარში „Erklärung zum Beschäftigungsverhältnis“)

  • სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა,

  • შესაბამის შემთხვევაში: დამატებითი დამადასტურებელი საბუთები. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ:

https://www.make-it-in-germany.com/de/unternehmen/einreise/arbeitsmarktzulassung/berufskraftfahrer

გვერდის დასაწყისში გადასვლა