Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D1f: ვიზა ოჯახის სხვა წევრების გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლის მიზნით
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
გერმანიის ან მესამე ქვეყნის მოქალაქესთან გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლისათვის აუცილებელი უფლება ოჯახის წევრს (გარდა მეუღლისა, არასრულწლოვანი შვილისა და ერთადერთი მზრუნველობის უფლების მქონე პირისა თავის არასრულწლოვან შვილთან გამგზავრებისას) შეიძლება მიეცეს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევის თავიდან ასაცილებლად (AufenthG - უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად).
განსაკუთრებით მძიმე შემთხვევას აქვს ადგილი, როდესაც ოჯახის ერთ წევრს ოჯახის სხვა წევრისგან სასწრაფოდ სჭირდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება და ამ დახმარების გაწევა შესაძლებელია მხოლოდ გერმანიაში (მაგ.: განსაკუთრებული მოვლის აუცილებლობის შედეგად). გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევას, უნდა ყოველთვის გამომდინარეობდეს ერთეული შემთხვევის ინდივიდუალური თავისებურებებიდან (მაგ.: ავადმყოფობა, ინვალიდობა, მოვლის აუცილებლობა, ფსიქიური მდგომარეობა). მაგალითად არახელსაყრელი სასკოლო, ეკონომიკური, სოციალური და სხვა გარემოებები სამშობლოში ვერ დაადასტურებენ მძიმე შემთხვევას.
ეგრეთწოდებული განსაკუთრებით მძიმე შემთხვევის ფარგლებში ოჯახის შეერთების მიზნით აუცილებელ ვიზაზე განაცხადის შემოტანისასაც აუცილებელია განმცხადებლის პირადად მოსვლა სავიზო განყოფილებაში, რადგან განაცხადის შემოტანისას უნდა ჩააბაროთ ბიომეტრიული მონაცემები (თითის ანაბეჭდები). თითის ანაბეჭდების აღება შესაძლებელია მხოლოდ სავიზო განყოფილებაში.
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე;
განმცხადებლის შემთხვევაში, რომელსაც ჯერ არ შეუსრულდა 18 წელი, ანკეტაზე და განცხადებაზე ხელი უნდა მოაწეროს მზრუნველობის უფლების მქონე ყველა პირმა.
თუ მზრუნველობის უფლების ერთ-ერთ პირს არ შეუძლია ანკეტაზე და განცხადებაზე ხელის მოწერა, მან წერილობით, ნოტარიულად დამოწმებული ფორმით უნდა განაცხადოს თანხმობა სავიზო განაცხადის შემოტანაზე.
ამ შემთხვევაში უნდა დაურთოთ ამ პირის პასპორტის ან პირადობის მოწმობის სურათიანი გვერდის ორი ასლი.
სამოგზაურო პასპორტი (და სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი);
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
მიმწვევი პირის მიწვევა, რომელშიც იგი საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს AufenthG-ს 66-68-ე პარაგრაფებით გათვალისწინებული ყველა ხარჯი (Verpflichtungserklärung).
მოქალაქეობრივი მდგომარეობის საბუთი და საჭიროების შემთხვევაში გერმანიაში მცხოვრებ იმ ნათესავთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი სხვა საბუთი, ვისთანაც გადადიხართ საცხოვრებლად, მაგალითად ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა, არსებობის შემთხვევაში განქორწინების, გარდაცვალების მოწმობა, გვარის შეცვლის მოწმობა, შვილად აყვანის საბუთი, სასამართლო და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები.
გერმანიაში მცხოვრები ნათესავის პასპორტის ან პირადობის მოწმობის სურათიანი გვერდის ორი ასლი და არსებობის შემთხვევაში ქვეყანაში ყოფნის უფლების ორი ასლი.
წერილი განსაკუთრებული შემთხვევის დასაბუთებით და ასევე დაწვრილებითი აქტუალური საბუთები, რომლებიდანაც ჩანს, რატომ არის აუცილებელი გერმანიაში მცხოვრებ ნათესავთან გამგზავრება, მაგალითად თანდართული წერილი მიზეზების ახსნით, აქტუალური საექიმო დასკვნები, მზრუნველობითი დაწესებულებების, სახლში მოვლის სამსახურის, სოციალური უწყებების ცნობები და სხვა.
საჭიროების შემთხვევაში სხვა საბუთები (მაგ.: გერმანული ენის ცოდნის) და სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა (სავიზო განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ვიზის მიღებისას უნდა წარადგინოთ სამოგზაურო ჯანმრთელობის დაზღვევის მოქმედი საბუთი, თუ ასეთი საბუთი უკვე წინასწარ არ გაქვთ ჩაბარებული).
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება დაახლოებით 10-12 კვირა, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.