Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიაში შესვლა სრულად ვაქცინირებული პირებისთვის

Symbolfoto eines Impfpasses mit Eintragungen einer Impfung gegen Covid-19 und Boarding Pass

Symbolfoto eines Impfpasses mit Eintragungen einer Impfung gegen Covid-19 und Boarding Pass, © picture alliance / Eibner-Pressefoto

14.01.2022 - სტატია

აქ იხილავთ ინფორმაციას იმ პირთათვის გერმანიაში შესვლის პირობების შესახებ, რომლებიც აღიარებული ვაქცინით სრულად არიან ვაქცინირებული.

პირებს, რომლებიც კორონავირუსის (SARS-CoV-2) წინააღმდეგ სრულად არიან ვაქცინირებული ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ დაშვებული ვაქცინით (ან ამ ვაქცინების ექვივალენტური ვაქცინით, რომელიც სხვა ქვეყნებში გამოიყენება), შეუძლიათ საქართველოდან გერმანიაში შესვლა. ამ კატეგორიის პირებს გერმანიაში ჩასვლა ასევე შეუძლიათ ტურისტული და კერძო ვიზიტებით. შესაბამისად, სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ ვიზის მოთხოვნა გერმანიის საელჩოში თბილისში.

ეს არ ეხება მგზავრებს იმ  ქვეყნებიდან, რომლებიც ვირუსის ვარიანტის ქვეყნებად ითვლება. ამ ქვეყნებიდან გერმანიაში შესვლა ჯერ კიდევ აკრძალულია.

გერმანიაში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სრულად არიან აცრილნი ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ დაშვებული ვაქცინებით (სია იხილეთ აქ) ან ამ ვაქცინების ექვივალენტური ვაქცინებით, რომლებიც გამოიყენება სხვა ქვეყნებში. დაგეგმილია მსგავსი დაცვის სტანდარტების მქონე სხვა ვაქცინების დაშვება, როგორც კი დასრულდება ამისათვის აუცილებელი პროცედურები.

აცრის დამადასტურებელი საბუთი

გერმანიაში შესავლისათვის ყველა შემთხვევაში საჭიროა აცრის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც აკმაყოფილებს პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემულ შემდეგ წინაპირობებს:

  1. გერმანიაში შესვლისთვის საჭიროა ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატი ან აცრის შესაბამისი დამადასტურებელი საბუთის ციფრული ან ფიზიკური (ქაღალდის) ფორმით წარდგენა გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენებზე. ფიზიკურ საბუთზე გადაღებული ფოტო არ წარმოადგენს აცრის დამადასტურებელ საბუთს. ციფრული საბუთი გაცემული უნდა იყოს სათანადო უწყების მიერ უფლებამოსილ პირზე.
  2. აცრის დამადასტურებელ საბუთში მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
    1. აცრილი პირის პერსონალური მონაცემები (მინიმუმ სახელი, გვარი და დაბადების თარიღი ან პასპორტის ან სხვა ოფიციალური საბუთის ნომერი, რომელშიც იქნება ფოტო და რომელიც თან ექნება პირს გერმანიაში შესვლის დროს),

    2. აცრის თარიღი, აცრების რაოდენობა,

    3. ვაქცინის დასახელება,

    4. დაავადების დასახელება, რომლის წინააღმდეგაც განხორციელდა აცრა,

    5. აცრის განმახორციელებელი ან საბუთის გამცემი პირის ან დაწესებულების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, მაგ. გამცემი პირის ან დაწესებულების ოფიციალური სიმბოლო ან დასახელება.

  3. გარდა ამისა, თავად ვაქცინა უნდა აკმაყოფილებდეს ინფექციისგან სრული დაცვის გარკვეულ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია ინფექციისგან დაცვის შესახებ გერმანიის კანონის (IfSG) 22a მუხლის პირველ პუნქტში. დაშვებული ვაქცინით სრულად ვაქცინირებისთვის საჭიროა

    1. 30.09.2022-მდე: ვაქცინის ორი ცალკეული დოზა

    2. 30.09.2022-მდე ვაქცინის ერთი ცალკეული დოზა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამატებით:

      1. ერთი დოზით ვაქცინირებამდე ანტისხეულების ტესტით დადასტურებულია გადატანილი კორონა ინფექცია და შემდეგ განხორციელებულია ერთი დოზით აცრა; ან
      2. ერთი დოზით ვაქცინირებამდე ნუკლეინის მჟავით (მათ შორის PCR-ტესტით) დადასტურებულია კორონა ინფექციის არსებობა; ან
      3. ერთი ცალკეული დოზით ვაქცინირების შემდეგ ნუკლეინის მჟავით (მათ შორის PCR-ტესტით) დადასტურებულია კორონა ინფექციის არსებობა და ტესტის ჩატარებიდან გასულია 28 დღე.
    3. 01.10.2022-დან: ვაქცინის სამი ცალკეული დოზა; ვაქცინის ბოლო დოზით აცრა განხორცილებული უნდა იყოს მეორე დოზით აცრიდან მინიმუმ სამი თვის შემდეგ; 

    4. 01.10.2022-დან: ვაქცინის ორი ცალკეული დოზა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამატებით:

      1. პირველი დოზით ვაქცინირებამდე ანტისხეულების ტესტით დადასტურებულია გადატანილი კორონა ინფექცია და შემდეგ განხორციელებულია ორი ცალკეული დოზით აცრა; ან
      2. მეორე დოზით ვაქცინირებამდე ნუკლეინის მჟავით (მათ შორის PCR-ტესტით) დადასტურებულია კორონა ინფექციის არსებობა; ან
      3. მეორე ცალკეული დოზით ვაქცინირების შემდეგ ნუკლეინის მჟავით (მათ შორის PCR-ტესტით) დადასტურებულია კორონა ინფექციის არსებობა და ტესტის ჩატარებიდან გასულია 28 დღე.

აქედან გამომდინარე, ყოველი დაგეგმილი გამგზავრების წინ გთხოვთ შეამოწმოთ, აკმაყოფილებს თუ არა თქვენი აცრის დამადასტურებელი საბუთი მოცემულ მოთხოვნებს.

12 წლამდე ასაკის პირებს, რომლებიც ჯერ არ არიან აცრილნი, შეუძლიათ ტესტის პასუხის საფუძველზე (PCR ან ანტიგენის ტესტი) მინიმუმ ერთი სრულად აცრილი მშობლის თანხლებით შევიდნენ გერმანიაში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებს არ სჭიდებათ ტესტის საბუთი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებ-გვერდზე.


გვერდის დასაწყისში გადასვლა