Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო ცენტრი საქართველოს სოფლებში გაემგზავრება
გერმანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახური ხსნის პირველ მობილურ საკონსულტაციო ცენტრს საქართველოში
თბილისი. 18 ოქტომბერი 2023 – გერმანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურმა გახსნა საქართველოში პირველი მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც შორეული სოფლებისა და რთულად მისადგომი რეგიონების მოსახლეობას მოემსახურება. მობილურ იურიდიულ დახმარებას მიიღებენ მაღალმთაში ან კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები ადამიანები, სადაც ადგილობრივი საკონსულტაციო ცენტრები ჯერ არ გახსნილა.
18 ოქტომბერს, მობილური იურიდიული დახმარების გუნდი თავის პირველ მოგზაურობაში გაეშურა. პირველი კონსულტაციები გაიმართა შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ზემო ნიქოზში, რომელიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარეობს.
მობილური იურიდიული დახმარების გუნდის კონსულტანტებსა და იურისტებს შეხვდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია. მათ იურიდიული დახმარების მიწოდების გზებზე და სამსახურის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„გერმანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, კიდევ უფრო გავაფართოვეთ ჩვენი სერვისები, რათა საქართველოს მოსახლეობას სრულყოფილად მოვემსახუროთ. ჩვენი მიზანია დაუცველი ადამიანების ხელშეწყობა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა. რაც მთავარია, ჩვენი მომსახურება ბენეფიციარებისათვის უფასოა“, - განაცხადა დავით სიმონიამ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა.
„კანონის უზენაესობა ევროპული დემოკრატიების განუყოფელი ნაწილია. მოხარული ვარ, რომ წვლილი შეგვაქვს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების პროცესში უფლებებისა და მათი დაცვის გზების შესახებ“, - აღნიშნა პიტერ ფიშერმა, გერმანიის ელჩმა საქართველოში.
„მართლმსაჯულება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენი ინიციატივა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს იმის უზრუნველყოფაში, რომ შორეულ და რთულად მისადგომ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა სრულყოფილად განახორციელონ თავისი უფლებები და მიიღონ ხარისხიანი იურიდიული მომსახურება“, - თქვა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.
იურიდიული დახმარების სამსახური 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ, აქტიურად ემსახურება მოწყვლად და დაუცველ მოსახლეობს საქართველოში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, კონფლიქტით დაზარალებულ და ეკონომიკურად დაუცველ მოსახლეობას.
სხვადასხვა წლებში, იურიდიული დახმარების სამსახური იღებდა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობას.
მიმდინარე მხარდაჭერა ეყრდნობა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ფართომასშტაბიან პროექტს, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და დაუცველი და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მართლმსაჯულებაზე წვდომისა და მედეგობის გაზრდას ემსახურება. 1.62 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.