Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

თბილისის საერთაშორისო გერმანულ სკოლას ამიერიდან მუდმივად შეეძლება გერმანიის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ატესტატის გაცემა

08.10.2024 - პრესრელიზი

თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლაში მოსწავლეები 2022 წლიდან სკოლის დამთავრებისას იღებენ გერმანულ საერთაშორისო ატესტატს, რომელიც მთელ მსოფლიოშია აღიარებული. ამით მათ შეუძლიათ გერმანულენოვან ქვეყნებში ან მსოფლიოში პირდაპირ გააგრძელონ სწავლა უნივერსიტეტებში.

სამშაბათს, 2024 წლის 8 ოქტომბერს გერმანიის ფედერალური მიწების განათლებისა და კულტურის მინისტრთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მხარის განათლების მინისტრი, ქალბატონი სიმონე ოლდენბურგი თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლას გადასცემს საზღვარგარეთის გერმანულ სკოლად აღიარების მოწმობას.

საზეიმო ღონისძიებას მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად სკოლაში დაესწრებიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი რობერტ გერშნერი და ასევე პარტნიორები და სტუმრები საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.

ამ აღიარებით ქართველი და გერმანელი მშობლების მიერ 2010 წელს დაარსებულმა სკოლამ თავის მთავარ მიზანს მიაღწია: იგი საქართველოს დედაქალაქ თბილისში ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ გერმანულენოვანი სასკოლო განათლება და სკოლას უკვე უფლება აქვს, მუდმივად გასცეს გერმანიის უმაღლესი ზოგადსაგანმანათლებლო ატესტატები.

ეს სკოლისთვის დიდი ჯილდოა, რადგან საზღვარგარეთ გერმანული სკოლის ატესტატის გაცემის მოთხოვნები მაღალია. აღიარებამდე ჯერ სკოლამ რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნები.

სკოლის დირექტორმა შტეფანი დროლმა განაცხადა: მე ამაყი ვარ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ. ჩვენმა ახალგაზრდა სკოლამ მისი ჩამოყალიბების პროცესი წარმატებით დაასრულა - და ეს წარმატება სკოლის დამფუძნებლების და ბრწყინვალე კოლეგების დამსახურება და საქართველოდან და გერმანიიდან მიღებული უდიდესი მხარდაჭერის შედეგია.

ამჟამად 3-დან 18 წლამდე ასაკის 18 სხვადასხვა ეროვნების 256 ბავშვი და მოზარდი დადის გერმანულენოვან საბავშვო ბაღსა და სკოლაში. ისინი ცხოვრობენ და სწავლობენ საერთაშორისო გარემოში ბაგებში მდებარე თანამედროვე სკოლის შენობაში.

სკოლას მიღებული აქვს ასევე საქართველოს განათლების შესაბამისი უწყების ავტორიზაცია. ქართული ენა ისწავლება როგორც მშობლიური და ასევე როგორც უცხო ენა. ეს სკოლა არის ურთიერთშეხვედრის ადგილი, რომელსაც წვლილი შეაქვს საქართველოსა და გერმანიას შორის ტრადიციულად მჭიდრო ურთიერთობების განვითარებაში.

გვერდის დასაწყისში გადასვლა