Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
გერმანია და ევროკავშირი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით ხელს უწყობენ აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების შექმნას
ევროკავშირისა და გერმანიის მხარდაჭერით ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში გაიმართა ახალი პროგრამის დაწყების ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს აჭარის მუნიციპალიტეტების დაბებსა და 39 სოფელში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების შექმნას.
ღონისძიება, რომელსაც აჭარის მთავრობის, ევროკავშირის დელეგაციის, განვითარების სფეროში მოღვაწე გერმანული ორგანიზაციების, აჭარის წყლის ალიანსისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა.
პროგრამის ფარგლებში გაიცა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყლის შვიდი რეზერვუარის, სამი სათავე ნაგებობისა და წყალარინების ხუთი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დაკვეთები. გარდა ამისა, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებშიც აშენდება სათავე ნაგებობები, რეზერვუარები, წყალარინების გამწმენდი ნაგებობები და წყალარინების სპეციალური ორმოები.
„ეს პროექტი ევროპის გუნდის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია. ამ პროექტის ხელშეწყობის შედეგად მოსახლეობის არა მარტო აუცილებელი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება, არამედ ტურიზმის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება“, - განაცხადა გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ლიდია კრისტმანმა.
ევროკავშირს, გერმანიასა და აჭარის მთავრობას შორის თანამშრომლობით პროგრამა მიზნად ისახავს სუფთა და მუდმივ სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობისა და სათანადო წყალარინების სისტემის გაუმჯობესებას. ეს ღონისძიებები გაზრდის ჰიგიენის სტანდარტებს და გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტებში ცხოვრების ხარისხს.
აღნიშნული პროგრამის დაფინანსებისთვის გერმანიის მხრიდან KfW-ბანკის მეშვეობით გამოყოფილია 43 მილიონი ევრო, ევროკავშირი მხრიდან - 6,95 მილიონი ევრო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან - 54,6 მილიონი ევრო. 2024 წლის გაზაფხულისთვის გერმანია გეგმავს გრანტის სახით დამატებითი 10,3 მილიონი ევროს გამოყოფას.
პროექტს ახორციელებს სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი“, რომელიც აჭარის მთავრობამ და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტმა ერთობლივად დააარსა.