Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში

19.06.2023 - პრესრელიზი

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, ბატონი სვენ გიგოლდი 19-დან 22 ივნისამდე საქართველოს ეწვევა და ეკონომიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. სახელმწიფო მდივანს მოყვება გერმანული მცირე და საშუალო კომპანიების დელეგაცია სამშენებლო სექტორიდან. ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენს გერმანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და საქართველოს ევროპული მომავალი.

ბატონი გიგოლდი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან.  საუბარი უმთავრესად შეეხება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერას და ამისათვის საჭირო რეფორმებს.

ბიზნეს-დელაგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს გერმანული და ქართული კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირება. ამისათვის გაიმართება გერმანული კომპანიების ინდივიდუალური შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან და კლიენტებთან. მონაწილე კომპანიებს შეეძლებათ მათი პროდუქციისა და მომსახურების წარდგენა. 

საქართველოში გამომგზავრებამდე სახელმწიფო მდივანმა განაცხადა:

„ევროკავშირისკენ მიმავალი საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვეხმარებით მას ჩვენ ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, რაც მოიცავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობას, საექსპორტო საკრედიტო გარანტიებს, საინვესტიციო გარანტიებსა და პარტნიორობას ადმინისტრაციულ საკითხებში. ასევე ხელმისაწვდომია მენეჯერთა გადამზადების პროგრამა და ევროკავშირის შეთავაზებები ადმინისტრირების მოდერნიზების კუთხით (ტვინინგის პროგრამა). განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ გერმანული კომპანიები საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ინტერესს გამოთქვამენ. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. ამ კუთხით მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაუმჯობესება, ამ მიზნით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების გაგრძელება და კორუფციასთან ბრძოლა.

ჩვენს მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი. კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობას წარმოადგენს ევროკავშირის მიერ მოცემული პრიორიტეტების შესრულება“.

გვერდის დასაწყისში გადასვლა