Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ევროპის საკითხებში ჰესენის ფედერალური მხარის მინისტრის ვიზიტი საქართველოში

31.05.2023 - პრესრელიზი

ლუცია პუტრიხი: „საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს“

გერმანიის ჰესენის ფედერალური მხარის ევროპის საკითხთა მინისტრი, ქალბატონი ლუცია პუტრიხი ოთხდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. ეს ვიზიტი ერთი მხრივ ემსახურება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ამჟამინდელი მდგომარეობის გაცნობას და მეორე მხრივ ეს უნდა იყოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება.

გამომგზავრებამდე ევროპის საკითხთა მინისტრმა, ქალბატონმა ლუცია პუტრიხმა საქართველოს უახლესი ისტორია გაიხსენა და განაცხადა შემდეგი: „სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული კონფლიქტები ძალიან ჰგავს ამჟამინდელ ომს უკრაინაში. ჩვენს ინტერესებშია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მშვიდობა შენარჩუნდეს. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი დაიცავს საერთაშორისო შეთანხმებებს და პატივს სცემს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს. ამიტომ ამ ვიზიტის მიზანი ასევე არის მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის: „ჩვენ თქვენ არ დაგვიწყებიხართ, თქვენ არ ხართ მარტო!“.

ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ლაშა დარსალიასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ბატონ გენადი არველაძესთან, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილთან და საქართველო-გერმანიის მეგობართა საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან. პარასკევს იგი გაემგზავრება გორში და ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), რომელშიც მონაწილეობს 200 დამკვირვებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. ქალბატონი მინისტრი ასევე შეხვდება ორ პოლიციელს ჰესენის ფედერალური მხარიდან, რომლებიც მისიაში მსახურობენ.

გვერდის დასაწყისში გადასვლა