Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

02.05.2023 - პრესრელიზი

გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა. დელეგაციაში იქნებიან ბატონი კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), ბატონი რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), ბატონი მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ბატონი თომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ბატონი ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან.

დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.

პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს.

გვერდის დასაწყისში გადასვლა