Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის მხარდაჭერით წარმოდგენილი საქართველოს ტყის პირველი ეროვნული ინვენტარიზაციის შედეგები

04.11.2022 - პრესრელიზი

2013 წელს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო სატყეო სექტორის რეფორმა. სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად  ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ტყის ეროვნული პოლიტიკა, რომელსაც ეფუძნება ახალი, 2020 წელს მიღებული ტყის კოდექსი და ასევე ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები. თუმცა ერთი საკითხი დიდხანს რჩებოდა გაურკვეველი - როგორია საქართველოს ტყეების რეალური მდგომარეობა?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით დააფინანსა საქართველოს პირველი სტატისტიკურად გამართული ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის განვითარება, მომზადება და განხორციელება. სპეციალურად მომზადებულმა ქართულმა საველე ჯგუფებმა 2019-2021 წლებში 2000-ზე მეტი ადგილი გამოიკვლიეს. თვეების განმავლობაში ჩატარებული მონაცემების ანალიზის შემდეგ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შედეგები 2022 წლის ნოემბერს თბილისში გამართულ საერთაშორისო (ჰიბრიდულ) კონფერენციაზე წარმოადგინა.

საქართველოს ტერიტორიის თითქმის ნახევარი (44,7%) ტყით არის დაფარული. 130-ზე მეტი ხისა და ბუჩქოვანი სახეობის არსებობა იმის დასტურია, რომ საქართველოს ტყეები ჯერ კიდევ საკმაოდ ბუნებრივია. ტყეები წარმოადგენს საარსებო გარემოს ცხოველებისა და მცენარეების მრავალი სახეობისათვის, გარდა ამისა მათი მრავალფეროვნება საქართველოს კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისადმი უფრო მდგრადს ხდის. მეორეს მხრივ ტყეების ერთ მესამედზე მეტი დეგრადირებულია არამდგრადი მართვის, მავნებლების, დაავადებებისა და საქონლისა და ცხვრის ძოვების გამო. ვითარება ძალზე დრამატულია ბზისთვის, რომლის 90%-ზე მეტი გამხმარია.

ინვენტარიზაციის აქტუალურ შედეგებზე დაყრდნობით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას სატყეო სექტორის რეფორმის შემდგომი განხორციელებისას. სატყეო სექტორის რეფორმა 2021-2028 წლებში ძირითადად ხორციელდება პროექტის „მწვანე ტრანსფორმაცია საქართველო“ (ECO.Georgia) ფარგლებში, რომელიც ფინანსდება საქართველოს მთავრობის, მწვანე კლიმატის ფონდის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროსა () და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს () მიერ.

გვერდის დასაწყისში გადასვლა