Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

მენეჯერთა ტრენინგების პროგრამის გაგრძელება

22.06.2022 - პრესრელიზი

2016 წლიდან არსებული მენეჯერთა ტრენინგების გერმანულ-ქართული პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე მენეჯერების მიზანმიმართული მომზადება გერმანულ ფირმებთან კავშირების დასამყარებლად და ეკონომიკური თანამშრომლობის წარსამართად.


ყოველ წელს პრაქტიკაზე ორიენტირებულ ტრენინგში მონაწილეობას იღებს ოცამდე ქართველი მენეჯერი ისეთი ფირმებიდან, რომელთაც აქვთ საგარეო სავაჭრო პოტენციალი და რომელთაც გერმანიასთან კავშირების დამყარება სურთ. ამასთან პროგრამა ძირითადად გათვლილია მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებზე.


პროგრამაში სლოგანით „Fit for Partnership with Germany“ მონაწილეები სწავლობენ მენეჯერულ თვისებებს, ეცნობიან გერმანული ფირმების მუშაობას და ამყარებენ კონტაქტებს ძირითადად გერმანული საშუალო ბიზნესის წარმოამდგენლებთან. პროგრამა გათვლილია ნებისმიერ სფეროში მომუშავე ქართული ფირმების ზედა და საშუალო მენეჯმენტის წამყვან თანამშრომლებზე და მასში აქამდე უკვე 141 ახალგაზრდა მენეჯერმა მიიღო მონაწილეობა. 


2022 წლის 21 ივნისს საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც პროგრამის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ხელი მოაწერეს გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მენეჯერთა ტრენინგების პროგრამისათვის არსებული შეთანხმების 2024 წლის ბოლომდე გაგრძელებას.

გვერდის დასაწყისში გადასვლა