Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
გერმანია 1,3 მილიონი ევროს გრანტით მხარს უჭერს მწვანე წყალბადის მდგრად გამოყენებას საქართველოში
გერმანიის ფედერალური მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან (GEDF) თანამშრომლობით ხელს შეუწყობს საქართველოში მწვანე წყალბადის ბაზრის განვითარებას.
საქართველოს მთავრობა და KfW რამდენიმე თვის წინ დეკლარაციით „მწვანე წყალბადის ხელშეწყობა საქართველოში“ შეთანხმდნენ პირველი სამაგალითო პროექტის შემუშავებაზე, რომელიც ეხება მწვანე წყალბადის ღირებულების ჯაჭვს.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ (BMZ) შემდეგ ნაბიჯად დაამტკიცა ახალი, 1,3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი ტექნიკური დახმარებისათვის მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის დანერგვის მხარდასაჭერად, ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზის განვითარებისა და საქართველოს მთლიან ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შემუშავებისთვის.
„ჩვენი გერმანელი პარტნიორების დახმარებით საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც განავითარებს წყალბადის ტექნოლოგიებს. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხარდაჭერისათვის და თავის წვლილს შეიტანს იმაში, რომ ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგომომარაგება გახდეს მდგრადი და ნაკლებად დამოკიდებული ნახშირბადზე“, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა.
„ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიკაცია და ენერგეტიკული უსაფრთხოება საქართველოსთვის გადამწყვეტი საკითხია, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე და ჩვენი მწვანე წყალბადის პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ კუთხით“, განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.