Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაწესებული ლიტერატურული პრემიის - „ერთობის იდეა“ - გამარჯვებულის დაჯილდოება და პრეზენტაცია

27.09.2021 - პრესრელიზი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაწესებული ლიტერატურული პრემია „ერთობის იდეა“ გადაეცემა ავტორს 2019-2021 წლებში საქართველოში გამოცემული საუკეთესო ნაწარმოებისთვის, რომელიც ეხება ადამიანებს შორის ხელოვნური საზღვრების არსებობას და ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას. ნაწარმოები უნდა ეხმაურებოდეს ერთიანობისა და ტოლერანტობის იდეებს და ასახავდეს საზოგადოებრივი თუ პირადი „გამყოფი კედლების“ ნგრევას.

აღნიშნულ პრემიას გასცემს გერმანიის საელჩო საქართველოში ა(ა)იპ “ქართულ ლიტერატურულ ინიციატივასთან” თანამშრომლობით. ღონისძიებაზე ლიტერატურული პრემიის შესახებ ისაუბრებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირში, ქართული ლიტერატურული ინიციატივის დირექტორი მედეა მეტრეველი და ლიტერატურული პრემიის ჟიურის წევრები.

ჟიურიმ  გრძელ სიაში წარმოდგენილი 33 ნაწარმოები შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასა: ნაწარმოების შესაბამისობა ლიტერატურული პრემიის კონცეფციასთან, მისი გავლენა საზოგადოებაში ერთიანობისა და ტოლერანტობის იდეების სულისკვეთების განვითარებაზე და ტექსტის მხატვრული ღირებულება. 

ლიტერატურული პრემიის „ერთობის იდეა“ მოკლე სიაში შემდეგი ნაწარმოებები მოხვდა:

  • ნინო სადღობელაშვილი, „დაბადების დღე“, ინტელექტი, 2021
  • ივა ფეზუაშვილი, „ბუნკერი“, ინტელექტი, 2020 
  • ლადო ფოჩხუა, „ენიკი ბენიკი“, ინდიგო, 2020

    ჟიურს წევრები: მაია ფანჯიკიძე (მთარგმნელი), ლაშა ბაქრაძე (ისტორიკოსი, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი), ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი (მთარგმნელი), ზურაბ ქარუმიძე (მწერალი), ზაალ ანდრონიკაშვილი (ლიტერატურის კრიტიკოსი).

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიება დახურულია და დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევით. გარდა ამისა, სავალდებულოა ღონისძიებაზე პირბადის ტარება. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში ადგილზე გაიკეთონ ანტიგენის სწრაფი ტესტი.

    პრემიის მოკლე სიაში შესული წიგნების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3hPSXZB

გვერდის დასაწყისში გადასვლა