Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

მილოცვა ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით

22.05.2020 - ფოტოგალერეა

102 წლის წინ კონსტანტინეპოლში მდებარე გერმანიის იმპერიის საელჩოში შევიდა ტელეგრამა თბილისიდან, რომლითაც იუწყებოდნენ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ორი დღის შემდეგ ფოთში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გერმანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და ამ ორმა სახელმწიფომ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა. 

ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ ისტორიული დოკუმენტების ფაქსიმილეებს და გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მილოცვას.

  

„ძალიან მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ამდენმა ადამიანმა იცის, რომ გერმანია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ძალიან კარგია, რომ ჩვენ შორის დღეს არსებულ მყარ ურთიერთობებს ასეთი ისტორიული საფუძველი გააჩნია. ამასთანავე ცხადია, რომ დღევანდელი ურთიერთობები სრულიად განსხვავებულ ხასიათს ატარებს.

 

1918 წლის მაისში გერმანია აღმოსავლეთ ევროპაში დიდი და ძლიერი სახელმწიფო იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირთან ბრესტ-ლიტოვსკის პრივილეგიური ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. დასავლეთის სახელმწიფოებთან კი იგი ჯერ კიდევ ომობდა. ახალი სახელმწიფო, საქართველო, შესაბამის პარტნიორად ჩაითვალა, რათა სამხრეთ კავკასიაში გერმანიას შეექმნა გავლენის სფერო, ნავთობის საბადოებზე და სხვა წიაღისეულზე გაეიოლებინა წვდომა და შესაძლებელია დამუქრებოდა კიდეც ბრიტანეთის პოზიციებს,  მაგალითად ირანში. რამდენიმე თვის შემდეგ ეს ყველაფერი უკვე ილუზია იყო, რადგან პირველი მსოფლიო ომი გერმანიის კაპიტულაციით დასრულდა. საქართველო ინტერესთა კონფლიქტის ცენტრში აღმოჩნდა და ქმედითი დახმარების გარეშე დარჩა.

 

ორი მსოფლიო ომის გამოცდილებიდან ევროპამ გამოიტანა დასკვნა, რომ პატარა ქვეყნები აღარასდროს უნდა იყვნენ დიდი სახელმწიფოების პოლიტიკის ობიექტები. დღეს გერმანიას, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანას, ძალიან გააზრებული ურთიერთობა აქვს საქართველოსთან, და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გერმანია და საქართველო ერთად არიან ევროსაბჭოსა და ეუთოს წევრები.

 

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

საქართველოს გაუმარჯოს!“

 

ჰუბერტ ქნირში

მილოცვა ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით

გვერდის დასაწყისში გადასვლა