Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

„უსაზღვრო სტუმართ-მასპინძლობა“ - ასე წარადგენს თავს საქართველო ბერლინის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე (ITB ბერლინი 2023)

07.03.2023 - Pressemitteilung

7 მარტს ბერლინის 2023 წლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა დაიწყო, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. წელს მისი სლოგანია „უსაზღვრო სტუმართ-მასპინძლობა“, რაც საქართველოს ლეგენდარულ სტუმართმოყვარეობასთან არის დაკავშირებული.

„ITB ბერლინი“ 1966 წლიდან ტურიზმის სფეროს წამყვანი გამოფენაა მსოფლიოში. პანდემიისგან გამოწვეული წყვეტის შემდეგ წელს იგი კვლავ ჩვეული ფორმით იმართება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 9 მარტის ჩათვლით ბერლინის საგამოფენო სივრცეში მრავალი აქტივობითა და ღონისძიებით ქვეყნის ტურისტულ მრავალფეროვნებას წარადგენს.

გახსნის ოფიციალური შოუ 6 მარტს გაიმართა და გერმანიის ვიცე-კანცლერის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. ღონისძიების ლაიტმოტივი იყო „უსაზღვრო ქართული კულტურა - მეღვინეობის საწყისიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის ქართული სასცენო ხელოვნების შედევრები, მათ შორის ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, მრავალხმიანი სიმღერა და ქართული ეროვნული ბალეტი.

საგამოფენო სივრცეში საქართველოს დათმობილი აქვს 705 მ² ფართობი, სადაც ყოველ დღე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, სახელოვნებო ვორკშოპები, კალიგრაფიული მასტერკლასები და რა თქმა უნდა ქართული ღვინის დაგემოვნება. გამოფენაზე წარმოდგენილია 80 კომპანია საქართველოს ტურისტული, სასტუმრო და საჰაერო მიმოსვლის სფეროებიდან.

„ITB ბერლინის“ გახსნითი დათვალიერების ცერემონია გაიმართა გამოფენის პირველ დღეს საქართველოს (როგორც მასპინძელი ქვეყნის) სტენდთან, რომელსაც ასევე დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.

nach oben