Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
ზრდასრულთა განათლების ახალი ცენტრის გახსნა კასპში
ზრდასრულთა განათლების ახალი ცენტრის გახსნა კასპში, © გერმანიის საელჩო საქართველოში
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტმა (DVV-ინტერნაციონალი) 20 დეკემბერს საქართველოში ზრდასრულთა სწავლისა და განათლების მე-14 ცენტრი გახსნა, რომელიც კასპში მდებარეობს და გერმანიის ხელშეწყობით და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.
DVV-ინტერნაციონალის საქართველოს ოფისი 2005 წლიდან ახორციელებს პროექტს “ზრდასრულთა სწავლისა და განათლების ცენტრები”. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით ამ პროექტის ფარგლებში 13 ცენტრი დაარსდა და წარმატებით მუშაობს საქართველოს 8 რეგიონში, კერძოდ: ქვემო ქართლში, კახეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭასა და იმერეთში.
2006 წლიდან დღემდე, 200.000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა ზრდასრულთა განათლების ცენტრების საგანმანათლებლო პროგრამებით, მათ შორის იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, ეთნიკურმა და რელიგიურმა უმცირესობებმა, სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველმა პირებმა და ა.შ.
ცენტრები დაფუძნებულია გერმანული სახალხო უნივერსიტეტების გამოცდილებასა და მეთოდოლოგიაზე, რომელიც ადაპტირებულია ქართულ რეალობასა და მოსახლეობის საჭიროებებზე. ისინი ადამიანებს განათლების და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობებს სთავაზობს, განურჩევლად მათი სოციალური მდგომარეობის, სქესის, განათლების, ასაკის, რელიგიის, იდეოლოგიისა თუ ეროვნებისა. მრავალფეროვნება და ინკლუზია ცენტრების მუშაობის მნიშვნელოვანი მიდგომებია.
ცენტრები პარალელურად კარგ ინსტრუმენტს წარმოადგენს უმუშევრობის, სიღარიბის, უთანასწორობის, არასტაბილურობის, კონფლიქტებისა და სოციალური გარიყულობის დაძლევისათვის. ზრდასრულთა განათლების ცენტრები თემებშია დაფუძნებული და მათ საჭიროებებზეა მორგებული. ზუსტად ამიტომ ისინი სწრაფად პასუხობენ პიროვნებებისა და საზოგადოების წინაშე მდგარ ცვლილებად საჭიროებებსა და ახალ მოთხოვნებს, რაც ასე მნიშვნელოვანია გლობალიზაციის, დიგიტალიზაციის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და მუდმივი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში.
ზრდასრულთა განათლების ჰოლისტური მიდგომის საფუძველზე, ცენტრები მონაწილეებს სთავაზობს ზრდასრულთა განათლების მრავალკომპონენტიან პაკეტს (ALP), რომელიც მოიცავს პიროვნული განვითარების პროგრამას, პროფესიული განათლების პროგრამას, განათლებას კულტურის, სამოქალაქო და ფინანსების სფეროებში, ასევე ახალგაზრდების, სპორტისა და ჯანმრთელობის პროგრამებს.
DVV International-ის მიერ დაარსებული ყველა ცენტრი არის საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) წევრი, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრების თანამშრომლებისა და ტრენერების მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და გაწეული მომსახურების ხარისხს.