Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანია - გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი 2019-2020 წლებში

სტატია

2018 წლის 8 ივნისს გერმანია აირჩიეს გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად 2019/20 წლებში. ამით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მეექვსედ იღებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ზრუნვაზე. 

​​​​​​​

Logo - Deutschland Mitglied des Sicherheitsrats der Vereinten Nationen 2019-2020
Deutschland Mitglied des Sicherheitsrats der Vereinten Nationen 2019-2020© Auswärtiges Amt/dpa

2019 წლის 1 იანვარს გერმანია ორი წლის ვადით გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი გახდა. ამ ფუნქიაში გერმანია იზრუნებს მსოფლიოში კონფლიქტების დაძლევასა და პრევენციაზე. მისი პრიორიტეტები ასევე იქნება „კლიმატი და უსაფრთხოება“, „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“, ჰუმანიტარული დახმარება და საერთაშორისო განიარაღება.

გაეროს უშიშროების საბჭო, რომელსაც ხუთი მუდმივი და ათი არამუდმივი წევრი ჰყავს, რომლებსაც ორი წლის ვადით ირჩევენ, ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია საერთაშორისო სამართლით სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღება. ბოლოს გერმანია 2011/12 წლებში იყო უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი. 2019-2020 წლებში ასევე ბელგია, დომენიკელთა რესპუბლიკა, ინდონეზია და სამხრეთ აფრიკა იქნებიან გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები.

რა არის გერმანიის პრიორიტეტები უშიშროების საბჭოში?

უშიშროების საბჭო გაეროს უმნიშვნელოვანესი ორგანოა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. აქედან გამომდინარე გერმანია საბჭოს წევრობის პერიოდში მთავარ ყურადღებას კონფლიქტების დაძლევაზე გაამახვილებს. გარდა ამისა, გერმანია იზრუნებს იმაზე, რომ უშიშროების საბჭო კიდევ უფრო გააქტიურდეს კონფლიქტების პრევენციის კუთხით.

მაგრამ გერმანიას ასევე სურს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში ისეთი თემები შეიტანოს, რომლებიც ყოველდღიურ კრიზისულ მოვლენებს სცილდება. ამ თემებს პირველ რიგში განეკუთვნება  კლიმატის ცვლილებებსა და უსაფრთხოებას შორის ურთიერთკავშირი, რადგან კლიმატის ცვლილებები უფრო და უფრო მეტი ქვეყნისთვის ხდება უსაფრთხოების პრობლემა, მაგალითად პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც საფრთხე ემუქრება ზღვის დონის მატების შედეგად. 2018 წლის აგვისტოში გერმანიამ ნაურუსთან ერთად დააარსა გაეროს მეგობართა ჯგუფი „კლიმატი და უსაფრთხოება“. გერმანია აღნიშნული მიმართულებით ამ ჯგუფზე დაყრდნობით იმოქმედებს.

მეორე მიმართულებას წარმოადგენს პროგრამა „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“, რომლის მიზანია ქალების ხელშეწყობა, რათა მათ უფრო დიდი როლი ითამაშონ კონფლიქტების პრევენციასა და დაძლევაში, ასევე კონფლიქტებისას მათი უკეთესი დაცვა სექსუალური ძალადობისგან. ეს ორივე მიმართულება გერმანიის საგარეო, უსაფრთხოების, თავდაცვისა და განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ამასთან დაკავშირებით გერმანია 2019 წელს პერუსთან ერთად იქნება არაფორმალურ ექსპერტთა ჯგუფის „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ თანათავმჯდომარე.

გერმანია ასევე იზრუნებს ჰუმანიტარული სისტემის გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის უკეთესად აღსრულებას, მაშველების დაცვას, ჰუმანიტარული გზების უზრუნველყოფას და სამოქალაქო პირების დაცვას შეიარაღებულ კონფლიქტებში. ჰუმანიტარული დახმარების კუთხით გერმანია რიგით მეორე სახელმწიფო დონორია მსოფლიოში.

გერმანიას სურს ასევე ახალი იმპულსების ინიცირება განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის კუთხით. გერმანია მხარს უჭერს შეიარაღების კონტროლის ახალ საერთაშორისო რეჟიმს, რომელიც არა მხოლოდ ბირთვული, არამედ მაგალითად ასევე ავტონომური იარაღის სისტემებს მოიცავს.

და ბოლოს, გერმანიისთვის ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საერთო კონტექსტი უშიშროების საბჭოში ერთ-ერთ ძირითად თემად რჩება. ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა, რაც ხშირად კონფლიქტების მიზეზი ხდება, უშიშროების საბჭოშიც უნდა განიხილებოდეს.

როგორ წარიმართება გერმანიის წევრობა უშიშროების საბჭოში?

2018 წლის 1 ოქტომბრიდან გერმანია დამკვირვებლის სტატუსით უკვე იღებს მონაწილეობას საბჭოს ყველა სხდომაში. 2019 წლის 1 იანვრიდან კი იგი სრულუფლებიანი წევრია.

მარტში საბჭოს თავმჯდომარეობას საფრანგეთი ჩაიბარებს, აპრილში კი გერმანია. უშიშროების საბჭოს ისტორიაში პირველად გადანაწილდა თავმჯდომარეობა ამ თანმიმდევრობით, რომელთა საერთო თემას წარმოადგენს ჰუმანიტარული სისტემის გაძლიერება. ეს გულისხმობს საკითხებს, თუ როგორ შეიძლება ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული პრინციპების უკეთესად აღსრულება, კრიზისულ რეგიონებში მაშველების უკეთესად დაცვა და ამ რეგიონებში მათი უკეთესი წვდომის უზრუნველყოფა.

გერმანიის წვლილი გაეროში:

Sitzung des UN-Sicherheitsrats
Sitzung des UN-Sicherheitsrats© picture alliance / dpa


გერმანია პოლიტიკურად, ფინანსურად და პერსონალით ძლიერად არის წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში: იგი მეოთხე ადგილზეა რეგულარულ ბიუჯეტსა და მშვიდობის დაცვის ბიუჯეტში შენატანების რაოდენობით და ასევე მეორე ადგილზეა ჰუმანიტარული და განვითარების სფეროში ოფიცილაური დახმარებებისთვის თანხების გამოყოფის კუთხით. გარდა ამისა, გერმანია უკვე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა გაეროს სამშვიდობო მისიებისთვის ჯარების გამოყოფის კუთხით.

მსგავსი თემები

გვერდის დასაწყისში გადასვლა