გერმანია-საქართველოს ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები
გერმანია იყო ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წელს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. იმავე წელს თბილისში გერმანიის საელჩო გაიხსნა. გერმანელებსა და ქართველებს შორის მჭიდრო და ნდობით აღსავსე ურთიერთობებს ორასწლიანი ტრადიცია აქვთ, რაც საქართველოში 1817 წელს შვაბიიდან გერმანელების ჩამოსახლებას უკავშირდება. გერმანიაში დაუვიწყარია საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრისა და შემდგომში საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წვლილი გერმანიის მშვიდობიან გაერთიანებაში. თავის მხრივ საქართველოში ძალიან აფასებენ გერმანიის მხარდაჭერას განვითარების პოლიტიკის მიმართულებით, ისევე, როგორც მრავალმხრივ კულტურულ, აკადემიურ თუ პირად ურთიერთოებებს.
გერმანია იყო ასევე ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ დევნილთა დახმარებისა და ქვეყნის რეაბილიტაციისთვის საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის გერმანია აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) საქართველოში. ორივე სახელმწიფოს პოლიტიკური კავშირები ძალიან მჭიდროა. გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი 2018 წლის 23-24 აგვისტოს სტუმრობდა საქართველოს და ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. ძალიან წარმატებული იყო ასევე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენა ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე 2018 წლის ოქტომბერში. ევროკავშირის ფარგლებში გერმანია იღწვის საქართველოს ევროპასთან დაახლოებისთვის. გერმანიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოსთან, ასევე საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართვას ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში და ევროკავშირის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის შექმნასთან დაკავშირებით. ამ მჭიდრო ურთიერთოებების სიმბოლოდ 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა ვიზების ვალდებულება შენგენის სივრცის ქვეყნებში სამ თვემდე ვადით მოგზაურობისათვის.
განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში გერმანიის მთავრობა კავკასიის ინიციატივით ხელს უწყობს მთლიანი რეგიონის ინტეგრაციას. აღსანიშნავია მისი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ენერგეტიკის დარგში. დამატებით ინფორმაციას განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე იხილავთ აქ.