Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ადამიანის უფლებათა დაცვა: გერმანული საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტი

სტატია

გერმანია დაჟინებით იბრძვის ადამიანის უფლებათა დაცვისათვის მსოფლიო მასშტაბით, რადგან ადამიანის უფლებათა დაცვისათვის აქტიური მოქმედება წარმოადგენს ჩვენი საგარეო პოლიტიკის არა მარტო ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას, არამედ ასევე ემსახურება გერმანულ ინტერესებს.

Universelles Menschenrechtslogo
Universelles Menschenrechtslogo © open source

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

დაახლოებით 70 წლის წინ, 1948 წელს პარიზში მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. მის ინიციატორებს ჰქონდათ უკეთესი სამყაროს ხედვა, ისეთი სამყაროსი, რომელშიც დაცული იქნებოდა ყველა ადამიანის, როგორც ინდივიდის,  ღირსება. ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციაში ამოსავალ წერტილად ითვლება ადამიანების ღირსება და ყველასათვის ერთნაირი და განუყოფელი უფლებები, განურჩევლად ადამიანების კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიისა ან სხვა კრიტერიუმებისა.  ადამიანის უფლებები არსებობს ყველა ადამიანისათვის - მიუხედავად ადამიანებს შორის არსებული განსხავვებებისა.

ნებისმიერი საზოგადოების საფუძველი

გერმანიის ვალდებულება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არის ასევე ის გაკვეთილი, რომელიც გერმანიამ თავისი ისტორიის უბნელესი მონაკვეთიდან მიიღო. ამიტომ მისი კონსტიტუციის პირველ მუხლში ადამიანის ღირსება და ხელშეუხებელი და განუყოფელი უფლებები წარმოადგენს მსოფლიოს ნებისმიერი საზოგადოების, მშვიდობის და სამართლიანობის  საფუძველს. ამგვარად კონსტიტუცია არის გარანტია არა მარტო ადამიანის უფლებათა დაცვისა გერმანიაში, არამედ გვავალდებულებს ჩვენ, რომ აქტიურად ვიმოქმედოთ მთელ მსოფლიოში ადამიანების ღირსების და ძირითადი თავისუფლებების დასაცავად.

მორალური ვალდებულება და პოლიტიკური ინტერესი

Bärbel Kofler
Bärbel Kofler © Michael Gottschalk/photothek.de

ადამიანის უფლებათა დაცვა წარმოადგენს არა მარტო კონსტიტუციით გათვალისწინებულ მორალურ და სამართლებრივ ვალდებულებას, არამედ შედის ასევე გერმანიის პოლიტიკურ ინტერესებშიც. მაგალითები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გვიჩვენებენ: იქ, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, არ შეიძლება ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილური განვითარება არსებობდეს. დაცული თავისუფლება და ადამიანის ღირსება წარმოადგენს კრეატიულობისა და კეთილდღეობის მამოძრავებელ ძალას.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს ფედერალური მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში, ქალბატონი ბერბელ კოფლერი. გარდა ამისა, შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებათა და გენდერულ საკითხებზე. ისინი ერთობლივად იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტებს: მხარდაჭერის პროგრამებს არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, პოლიტიკურ დიალოგებს, საჯარო გამოსვლებს და ჩუმ დიპლომატიას, რომელთა დახმარებითაც უკვე მრავალ ქვეყანაში შესაძლებელი გახდა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ სიტუაციის გაუმჯობესება.


ფედერალური მთავრობის 2016 წლის ანგარიში ადამიანის უფლებების შესახბ


ადამიანის უფლებათა საუკეთესო დამცველი: აქტიური სამოქალაქო საზოგადოება

ადამიანის უფლებათა დაცვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებას, რომელიც სავარაუდო დარღვევებს აკვირდება. აქ გერმანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიალოგი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რელიგიურ ჯგუფებთან, ინტელექტუალებთან და აქტიურ მოქალაქეებთან, რითიც ხდება აქტიური და ყურადღებიანი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. როდესაც მოქალაქეებს შეუძლიათ, იაქტიურონ სახელმწიფოსგან დამოკიდებელ ჯგუფებსა თუ ფორუმებში, ეს წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას ადამიანის უფლებათა დარღვევების თავიდან ასაცილებლად.

დამატებითი ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების შესახებ

გერმანია, როგორც ხელმომწერი ქვეყანა

გაეროს ქარტიისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის საფუძველზე გაეროს წევრმა ქვეყნებმა შექმნეს ადამიანის უფლებათა დაცვის ფართო სახელშეკრულებო სისტემა. გერმანიას ხელი აქვს მოწერილი გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა მნიშვნელოვან შეთანხმებაზე და მათ დამატებით პროტოკოლებზე. გერმანია რეგულარულად აკეთებს მოხსენებას სახელშეკრულებო კომიტეტებზე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესაბამისი მოვალეობების შესრულების შესახებ.



ევროპაშიც არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში მომუშავე ინსტიტუციების ფართო ქსელი. ევროკავშირის გარდა გადამწყვეტ როლს აქ თამაშობენ ევროპის საბჭო და ეუთო.

ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტები

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველ წელს აფინანსებს დაახლოებით 130 სხვადასხვა სიდიდის პროექტს, პირველ რიგში განვითარებად და ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებში აფრიკაში, აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში. ხშირად პატარა თანხებითაც შესაძლებელი ხდება ადგილზე ადამიანების მდგომარეობის შესამჩნევი და მდგრადი გაუმჯობესების მიღწევა.

 

გვერდის დასაწყისში გადასვლა