Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის ეკონომიკური განვითარების მინისტრი საქართველოს ეწვია ენერგოეფექტიანობის პროგრამის მიმართ გერმანიის, ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მტკიცე მხარდაჭერის გამოსახატად

01.07.2022 - პრესრელიზი

2022 წლის 29 ივნისს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრმა, ქალბატონმა სვენია შულცემ მონაწილეობა მიიღო „საქართველოს საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის ღია პროგრამის“ დაფინანსების ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიაში.

დაფინანსების ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს, ერთი მხრივ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) გერმანიის მთავრობის სახელით და მეორე მხრივ, საქართველომ, რომელიც წარმოდგენილი იყო ფინანსთა სამინისტროს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ. ამ ხელშეკრულებებით ხელმისაწვდომი ხდება 55,85 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება, რომელიც გამიზნულია საჯარო შენობების რეაბილიტაციისთვის მათი ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან დასაახლოებლად.

„ღია პროგრამის“ მთავარი ამოცანაა სკოლის შენობების მდგრადი და სრული რეაბილიტაცია მათი ენერგოეფექტიანობის გაუჯობესების და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით. მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალი საჯარო სკოლის შენობების განახლებაში ენერგოეფექტიანობის ახალი სტანდარტების გამოყენების გზით, ეს პროექტი ხელს უწყობს ენერგოეფექტიანობის მექანიზმის გაუმჯობესებას და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების განხორციელებას.

განახლების ასეთი ღონისძიებები გამოიწვევს ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას სამიზნე შენობებში. გარდა ამისა, ამ ღონისძიებების შედეგად გახანგრძლივდება შენობის ექსპლუატაციის ვადა, გაუმჯობესდება ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და კომფორტის დონე. ეს კი შესაძლებლობას მისცემს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეების, იმუშაონ და ისწავლონ უკეთეს პირობებში.

ეს პროექტი გააფართოებს ენერგოეფექტიანობის მასალებისა და ტექნოლოგიების ბაზარს და ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სექტორების, მათ შორის სამშენებლო კომპანიების შესაძლებლობების განვითარებას. პროექტი დაეხმარება საქართველოს, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი  ვალდებულებები, რომლებიც ეხება ყოველწლიურად მინიმალური რაოდენობის საჯარო შენობები განახლებას.

დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული 55,85 მილიონი ევროს დაფინანსება, საიდანაც 43,2 მილიონ ევროს გერმანია უზრუნველყოფს, შედგება KfW-ს 40 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი კრედიტისგან, გერმანიის მთავრობის 3,2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისგან თანმხლები ღონისძიებებისთვის და ევროკავშირის 12,65 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისგან. პროგრამის თანადაფინანსებაში მონაწილეობს საქართველოს მთავრობა, ხოლო მას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

„ღია პროგრამა“ ევროპის გუნდის უფრო ფართო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ევროკავშირის მონაწილეობით შემუშავებული ერთობლივი ინიციატივის შემადგენელი ნაწილია. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 40 მილიონ ევრომდე ოდენობის კრედიტი გამოყო, ხოლო ევროკავშირმა 13 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომლებიც ამ პროგრამის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

გვერდის დასაწყისში გადასვლა