Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის ფედერალური კანცლერის ვიზიტის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა ხელი მოაწერა 193 მილიონი ევროს დაფინანსების ხელშეკრულებებს

24.08.2018 - პრესრელიზი

თბილისში გერმანიის ფედერალური კანცლერის ვიზიტის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) დღეს ეკონომიკის სფეროს წარმომადგენელთა მაღალი რანგის გერმანული დელეგაციის თანდასწრებით, რომელსაც გერმანიის ეკონომიკისა და ენერგიის ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი თომას ბარაისი ხელმძღვანელობს, ხელი მოაწერა დაფინანსების ორ ახალ ხელშეკრულებას. ხელმოწერას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით გამოყო 150 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისათვის. მთლიანი საინვესტიციო თანხა წარმოადგენს 220-250 მილიონ ევროს და KfW-სთან ერთად მის დაფინანსებაში მონაწილეობას იღებენ ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC). მომავალი გაზსაცავი თბილისის მახლობლად განთავსდება და მისი მოცულობა იქნება დაახლოებით 400 კუბური მეტრი, რაც საქართველოში გაზის წლიური მოხმარების 10-15% პროცენტს წარმოადგენს. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მეზობელი ქვეყნებიდან გაზის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. ღონისძიება გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, რომელიც მოითხოვს საქართველოს მთავრობისაგან ქვეყანაში საკუთარი გაზსაცავის შექმნას.

გარდა ამისა BMZ-ის დავალებით KfW-მ  საქართველოს მთავრობასთან ხელი მოაწერა 40 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის ხელშეკრულებას და ასევე თანმდევ ღონისძიებას (სუბსიდია 3 მილიონი ევროს ოდენობით), რომლითაც უნდა გაუმჯობესდეს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამ ღონისძიების თანადაფინანსება 7 მილიონი ევროთი მოხდება ევროკავშირის დანამატების ფონდიდან. ამ პროექტმა სარგებელი უნდა მოუტანოს დაახლოებით 215 ათას ადამიანს აჭარის ქალაქური ტიპის დასახლებებსა და სოფლებში.

გვერდის დასაწყისში გადასვლა