Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანული დელეგაციის მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული ვიზიტი თბილისში

06.03.2018 - პრესრელიზი

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, დოქტ. კრისტიან კლოსი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ელჩი ანეტ გიუნთერი 2018 წლის 6 მარტს შეხვდებიან საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს და მათთან მიგრაციის სფეროში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე ისაუბრებენ.

გერმანიამ, როგორც ათეული წლების მანძილზე საქართველოს მჭიდრო პარტნიორმა და მეგობარმა, 2017 წლის მარტში მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის. ამასობაში 200 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. უვიზო მიმოსვლა ემსახურება ასევე გერმანიასა და საქართველოს შორის მრავალფეროვანი კულტურული, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კონტაქტების გაღრმავებას.

მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რიცხვი იყენებს ამ თავისუფლებას იმისათვის, რომ მოითხოვოს გერმანიაში თავშესაფარი მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მათგანი თავშესაფრის მიღებაზე უარს იღებს. ვიზალიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. მხოლოდ იანვარში შვიდასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ასევე ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში.

გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობი მატება იწვევს გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდ შეშფოთებას, ამიტომ მისი აზრით, აუცილებელია სწრაფი და ქმედითი რეაგირება. იმ ღონისძიებების გარდა, რომლებიც ეროვნულ და ევროკავშირის დონეებზე ტარდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე პარტნიორულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან იმისათვის, რომ საგრძნობლად შემცირდეს უვიზოდ მიმოსვლის ბოროტად გამოყენება. ამიტომ გერმანიას სურს, კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან რეადმისიის საკითხებში უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. გარდა ამისა გერმანია  არსებული სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში რამდენიმე წლით შენგენის მთლიან ზონაში შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.

აუცილებელია, არსებულ ტენდენციაში მოხდეს სწრაფი და მდგრადი ცვლილებები, რათა გამყარდეს 2017 წლის მარტში ძალაში შესული ვიზალიბერალიზაცია შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის.

მსგავსი თემები