Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

„ერთად. კვლავ გავაძლიეროთ ევროპა.“ გერმანიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა

Logo der deutschen Ratspräsidentschaft im 2. Halbjahr 2020

EU Ratspräsidentschaft Deutschland, © Bundesregierung

30.06.2020 - სტატია

1 ივლისიდან გერმანიამ ექვსი თვის ვადით გადაიბარა ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარეობა. ჩვენი მიზანი ევროკავშირისთვის: სოლიდარული და ერთიანი ევროკავშირში, ქმედითუნარიანი და სუვერენული ევროკავშირს გარეთ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი და ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი გორან გრლიჩ რადმანი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლურად გადაცემისას ბრანდენბურგის ჭიშკართან ბერლინში
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი და ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი გორან გრლიჩ რადმანი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლურად გადაცემისას ბრანდენბურგის ჭიშკართან ბერლინში© Florian Gaertner/photothek.net

2007 წლის შემდეგ გერმანია უკვე მე-13 ხდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე. თავმჯდომარეობის პერიოდში გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ სხდომებს საბჭოს ყველა დონეზე, გარდა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა, და ზრუნავენ ევროკავშირის საბჭოს მუშაობის გაგრძელებაზე. კორონა-პანდემიის ფონზე გერმანიას სურს ყურადღება გაამახვილოს ეკონომიკურ და სოციალურ რეაბილიტაციაზე და ამავდროულად ევროკავშირისთვის ისეთ სტრატეგიულ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები,  ლტოლვილობა და მიგრაცია, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა და დიგიტალიზაცია.

საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასისთვის ერთი რამ ნათელია:

კორონა-პანდემიამ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა უფრო დააზარალა, ვიდრე დანარჩენი, მაგრამ ეკონომიკური და სოციალური შედეგები მთელ ევროპას შეეხო. ამიტომ კრიზისიდან გამოსვლას მხოლოდ ერთად შევძლებთ. თავმჯდომარეობის დროს გერმანიას სურს იყოს მამოძრავებელი ძალა და მესაჭე. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ გავდოთ ხიდები და ვიპოვნოთ სხვადასხვა სიტუაციიდან გამოსავალი, რაც საბოლოოდ ევროკავშირის ყველა მაცხოვრებელს წაადგება. ერთიანი და სოლიდარული უნდა ვიყოთ ევროკავშირის შიგნით და ქმედითუნარიანი და სუვერენული - მის ფარგლებს გარეთ.

პროგრამას საფუძვლად უდევს შემდეგი მიზნები:

  • კორონა-კრიზისის მდგრადი დაძლევა
  • უფრო ძლიერი და ინოვაციური ევროპა
  • სამართლიანი ევროპა
  • მდგრადი ევროპა
  • უსაფრთხო და საერთო ღირებულებების ევროპა
  • ძლიერი ევროპა მსოფლიოში

ტრიო-თავმჯდომარეობა პორტუგალიასა და სლოვენიასთან ერთად

ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოები მჭიდროდ თანამშრომლობენ სამ-სამ ჯგუფად, რასაც ტრიო-თავმჯდომარეობას უწოდებენ. ეს წესი 2009 წელს ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე იქნა შემოღებული. თავმჯდომარეები ადგენენ გრძელვადიან მიზნებს და ამუშავებენ ერთობლივ პროგრამას იმ თემებთან და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც ევროკავშირის საბჭო შემდგომი 18 თვის განმავლობაში იმუშავებს. ამ პროგრამის საფუძველზე თითოეული თავმჯდომარე ქვეყანა წარმოადგენს საკუთარ დეტალურ ექვსთვიან პროგრამას. გერმანიამ გახსნა ამჟამინდელი ტრიო-თავმჯდომარეობა, რომელსაც 2021 წელს ჯერ პორტუგალია და შემდეგ სლოვენია გადაიბარებს.

საბჭოს თავმჯდომარის ამოცანები

თავმჯდომარე პასუხისმგებელია, რომ ევროკავშირის საბჭოს სამართლებრივი ნორმები და ევროკავშირის სამოქმედო გეგმა თანმიმდევრულად განვითარდეს და საკანონმდებლო პროცედურები მოწესრიგებულად წარიმართოს. თავმჯდომარე ასევე ზრუნავს წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაზე. ამავე დროს იგი არის პატიოსანი და ნეიტრალური შუამავალი.

თავმჯდომარეს უმთავრესად აქვს ორი ამოცანა:

1. საბჭოსა და მისი მოსამზადებელი უწყებების სხდომების დაგეგმვა და ხელმძღვანელობა

თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს სხვადასხვა ფორმაციების (გარდა საგარეო ურთიერთობების უწყების) და მოსამზადებელი უწყებების სხდომებს, რომლებსაც განეკუთვნება მუდმივი კომიტეტები, როგორიცაა მუდმივი წამომადგენლების კომიტეტი, და ასევე სამუშაო ჯგუფები და დარგობრივი კომიტეტები.

თავმჯდომარე ზრუნავს იმაზე, რომ კონსულტაციები კანონის დაცვით წარიმართოს და საბჭოს რეგლამენტი და სამუშაო მეთოდები სწორად იქნეს გამოყენებული.

გარდა ამისა, იგი ორგანიზაციას უწევს სხვადასხვა ფორმალურ და არაფორმალურ სხდომებს ბრიუსელში და საკუთარ ქვეყანაში.

2. საბჭოს წარმომადგენლობა ევროკავშირის სხვა ორგანოებში

თავმჯდომარე წარმოადგენს საბჭოს ევროკავშირის სხვა ორგანოებში, კერძოდ კომისიებსა და ევროპარლამენტში. მისი ამოცანაა, მოლაპარაკებების დროს იზრუნოს შეთანხმების მიღწევაზე საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებით.

თავმჯდომარე თავის მოვალეობებს ასრულებს

  • ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან და
  • ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს

მჭიდრო თანამშრომლობით.

იგი მათ ეხმარება  საქმიანობაში და მას შეიძლება დაევალოს გარკვეული ამოცანების შესრულება უმაღლესი წარმომადგენლის სახელით, მაგალითად ევროპარლამენტის წინაშე საბჭოს „საგარეო ურთიერთობების“ ფორმაციის წარმოდგენა ან „საგარეო ურთიერთობების“ ფორმაციის სხდომების ხელმძღვანელობა, რომელზე განიხილება ერთობლივი სავაჭრო პოლიტიკის საკითხები.

ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის ოფიციალური ვებ-გვერდი

გვერდის დასაწყისში გადასვლა