Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქის თორნიკე ქ.-ს მკვლელობის საქმეზე გამოძიების გადაბარება / ინფორმაცია საქმის ვითარების შესახებ

გერმანიის დროშა შენობების ფონზე

გერმანიის დროშა, © Colourbox

05.12.2019 - სტატია

კარლსრუე - გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 ოქტომბერს გადაიბარა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლული რუსეთისა და საქართველოს მოქალაქის თორნიკე ქ.-ს მკვლელობასთან დაკავშირებით.

არსებობს საკმარისი ხელჩასაჭიდი მასალები იმასთან დაკავშირებით, რომ მკვლელობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების ან რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არსებული ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით. დანაშაულის ამ სავარაუდო პოლიტიკურ საფუძველთან დაკავშირებით თავდაპირველი ეჭვების ზღვარი გადაილახა მას შემდეგ, რაც უახლესი მტკიცებულებები არსებულ მტკიცებულებებს დაემატა. ამ ფონზე საქმე ეხება სახელმწიფოს დაცვის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის დანაშაულს.

ეჭვმიტანილი კვლავ არის რუსეთის მოქალაქე ვადიმ კ. ასევე ცნობილი როგორც ვადიმ ს., რომელიც 2019 წლის 23 აგვისტოს თორნიკე ქ.-ს მიმართ განხორციელებული თავდასხმიდან მალევე დააპატიმრეს. თირგართენის რაიონულმა სასამართლომ ბერლინის პროკურატურის შუამდგომლობაზე დაყრდნობით 2019 წლის 24 აგვისტოს გასცა ვადიმ ს.-ის დაპატიმრების ორდერი.

ფედერალურმა პროკურატურამ შემდგომი საპოლიციო გამოძიება დაავალა ფედერალურ კრიმინალურ სამსახურს, რომელსაც დაეხმარება ბერლინის სამხარეო კრიმინალური სამსახური. 


გამოძიების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ გაცნობებთ შემდეგს:


1. ეჭვმიტანილის ფოტოსურათის შედარებამ პოლიციის მონაცემთა ბაზებში არსებული ვადიმ კ.-ის ფოტოსურათებთან აჩვენა, რომ დიდი ალბათობით საქმე ეხება ერთი და იმავე პიროვნებას. ეს დასკვნა ეკუთვნის ბერლინის სამხარეო კრიმინალურ სამსახურს. ვადიმ კ.-სთან დაკავშირებით არსებობდა რუსეთის მიერ მისი ძებნაში გადაცემის შესახებ 2014 წლის 23 აპრილის შეტყობინება, რომელიც დამატებითი ინფორმაციით შეივსო 2014 წლის 30 ივნისს, ხოლო 2015 წლის 7 ივლისს აღნიშნული შეტყობინება წაიშალა. აღნიშნული პიროვნება რუსეთის ორგანოების მიერ იძებნებოდა 2013 წლის 19 ივნისს მოსკოვში განხორციელებული მკვლელობის გამო. მაშინ დანაშაული დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ. ჩანაწერები აჩვენებს, რომ დამნაშავე ველოსიპედით მიუახლოვდა მსხვერპლს. თავდაპირველად დაზარალებულმა შეძლო თავდამსხმელის ძირს დაგდება. შემდეგ მსხვერპლი შეეცადა გაქცევას. თავდამსხმელი დაედევნა მას და მოკლა იგი ზედა ტანსა და თავში მინიმუმ ორი გასროლით.

2. ვადიმ ს. პირველად გამოჩნდა რუსეთის მიერ 2015 წლის 3 სექტემბერს გაცემული ეროვნული პასპორტით. ე.ი. პასპორტი გაიცა ძებნის შესახებ შეტყობინების წაშლიდან (07.07.2015) თითქმის ორი თვის შემდეგ.

3. დაპატიმრებისას, 2019 წლის 23 აგვისტოს, ეჭვმიტანილს თან ჰქონდა სამოგზაურო პასპორტი, რომელიც შეიცავდა მის ფოტოსურათს და გაცემული იყო ვადიმ ს.-ის სახელზე. რუსეთის უწყებებმა გვაცნობეს, რომ საბუთი არ იყო ყალბი.

4. ვადიმ კ., იგივე ვადიმ ს. 2019 წლის 17 აგვისტოს მოსკოვიდან ჩაფრინდა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში. ქვეყანაში შესვლისთვის მან გამოიყენა საფრანგეთის უწყებების მიერ ვადიმ ს.-ის სახელზე მანამდე გაცემული შენგენის ვიზა. სავიზო განაცხადს თანდართული ჰქონდა ე.წ. დამსაქმებლის ცნობა. ცნობის გამცემი იყო კომპანია „ZAO RUST“ სანქტ-პეტერბურგიდან და მას ხელს აწერდნენ გენერალური დირექტორი და ბუღალტერი. ისინი ადასტურებდნენ, რომ ეჭვმიტანილი 2017 წლის 20 ნოემბრიდან მუშაობდა ფირმაში მშენებელი ინჟინერის თანამდებობაზე და მისი თვიური ხელფასი შეადგენდა 80.000 რუბლს (დახლ. 1.100 ევროს).

აღნიშნულს ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის სამეწარმეო რესტრში არსებული მონაცემები. რეესტრის 2019 წლის 10 აპრილის ჩანაწერის მიხედვით კომპანია „ZAO RUST“ „რეორგანიზაციის“ ფაზაშია და 2018 წელს მან მხოლოდ ერთადერთი თანამშრომლით მიიღო შემოსავალი 80.000 რუბლის ოდენობით და მოგება 2.000 რუბლის ოდენობით.

კომპანია „ZAO RUST“-ის ფაქსის ნომერი ასევე მიკუთვნებული იყო კომპანიებისთვის "Оборонэнергосбыт" და "Оборонэнерго". ეს უკანასკნელი ორი კომპანია ეკუთვნის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს.

5. ვადიმ კ., იგივე ვადიმ ს. 2019 წლის 20 აგვისტოს, ე.ი. საფრანგეთში ჩასვლიდან სამი დღის შემდეგ, თვითმფრინავით გაემგზავრა პარიზიდან ვარშავაში. იქ იგი დაბინავდა ინტერნეტის საშუალებით 2019 წლის 25 აგვისტომდე დაჯავშნილ სასტუმროს ნომერში და ჯავშანი ადგილზე გააგრძელა 2019 წლის 26 აგვისტომდე. მან სასტუმრო ვადაზე ადრე დატოვა 2019 წლის 22 აგვისტოს დაახლოებით 8.00 საათზე და იქ აღარ დაბრუნებულა. ჯერ უცნობია ეჭვმიტანილის საქმიანობა და ადგილსამყოფელი სასტუმროს დატოვებიდან 2019 წლის 23 აგვისტოს დაახლ. 11:55 საათზე განხორციელებული მკვლელობის მომენტამდე. არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ ეჭვმიტანილი 2019 წლის 22 აგვისტომდე ბერლინში იმყოფებოდა, თავად უთვალთვალებდა მსხვერპლს თავდასხმის განხორციელების მიზნით ან ლოგისტიკურად თავად მოამზადა დანაშაული ბერლინში.

6. დანაშაულის მსხვერპლს, თორნიკე ქ.-ს რუსეთის ორგანოების მიერ მინიჭებული ჰქონდა ტერორისტის კვალიფიკაცია და ამის გამო იგი იდევნებოდა. მას ბრალად ედებოდა ტერორისტული გაერთიანების „კავკასიის საემიროს“ წევრობა, საქართველოს ტერიტორიაზე ამ გაერთიანების აქტიური წევრების მომზადება და დაჯგუფების წევრების საზღვარზე უკანონო გადაყვანა.

დანაშაულის მსხვერპლის ადრინდელი განცხადებებისა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად თორნიკე ქ. ნამდვილად მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციასთან საომარ დაპირისპირებაში. რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომში 2000-დან 2004 წლამდე იგი მეთაურობდა ჩეჩნურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს და იბრძოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. მისი მაშინდელი მოადგილე 2005 წელს გაიტაცეს, რომელიც შემდეგ რუსეთის ჯარების ან პრორუსი ჩეჩნების მიერ იქნა მოკლული. ასევე საქართველოს მთავრობის დავალებით 2008 წლის აგვისტოში თორნიკე ქ.-ს შექმნა 200 კაციანი საბრძოლო დანაყოფი სამხრეთ ოსეთის დასაცავად. 2008 წლის ბოლოს/2009 წლის დასაწყისში თორნიკე ქ.-ს მიიღო ინფორმაცია რუსეთის ორგანოების გეგმების შესახებ მის წინააღმდეგ. იგი უნდა მოეკლათ ან ჩეჩნეთში გადაეყვანათ. თუმცა ეს გეგმა ვერ შესრულდა.

7. 2015 წლის 28 მაისს დღემდე უცნობმა დამნაშავემ თბილისში თავდასხმის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან რვაჯერ ესროლა თორნიკე ქ.-ს, რომელსაც 4 ტყვია მოხვდა. ამ შემთხვევის გარდა, 2012 წლის შემოდგომას მთავრობის ცვლილების შემდეგ საქართველოში თორნიკე ქ.-ს მიმართ სხვა თავდასხმის მცდელობა არ განხორციელებულა.

ხელჩასაჭიდი ფაქტები, რომელთა მიხედვითაც ეს დანაშაული არასახელმწიფო სუბიექტის დავალებით შეიძლება განხორციელებულიყო, დღემდე არ არსებობს. გამოძიებამ არ ცხადჰყო არანაირი მინიშნებები ეჭვმიტანილსა და დანაშაულის მსხვერპლს შორის არსებული კავშირების შესახებ, რომ არაფერი ვთქვათ ეჭვმიტანილის პირად მოტივებზე. ასევე არ იკვეთება დანაშაულის კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან ან ისლამისტური ტერორიზმის ფენომენთან.

-------------------------------------------------------------------------------------------------

ტექსტის გერმანული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ


გვერდის დასაწყისში გადასვლა