Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის სიტყვა ბერლინის კედლის დაცემის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე

13.11.2019 - სტატია
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში© გერმანიის საელჩო თბილისი


ქალბატონო პრეზიდენტო, აღმატებულებებო, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო!

დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ზეიმობთ ბერლინის კედლის დაცემის 30 წლის იუბილეს.

ყველასთვის, ვისაც კარგად ახსოვს ეს დღე, ეს იყო დაუვიწყარი მომენტი.

ჩვენთვის, გერმანელებისთვის, ეს არის უბედნიერესი დღე ჩვენს ისტორიაში, დღე წყალობისა.

ათწლეულების მანძილზე ბერლინის კედელმა და იმ საზღვარმა, რომელიც გერმანიას ჰყოფდა, ასობით თავისუფლების მოპოვების წყურვილით შეპყრობილი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათი, ვისაც ამ საზღვრის გადალახვა სურდა.

ჩვენ, დასავლეთ გერმანიის ახალგაზრდებს, ბერლინში კედლის წინ ყოფნისას, გვეგონა, რომ კედელი სამუდამოდ იქ იდგებოდა.

ჩვენ შეგვეძლო აღმოსავლეთ გერმანიაში გადასვლა და ხალხთან შეხვედრა, მაგრამ ვფიქრობდით, რომ ისინი ვერასდროს გადმოვიდოდნენ ჩვენთან.

დღეს ჩვენ ვიცით, რომ კედელი იყო მათი სისუსტის დემონსტრირება, ვისაც ის სჭირდებოდა, იმ რეჟიმის, რომელიც კედელზე იყო დამოკიდებული.

და ეს მაშინ მთელ აღმოსავლეთს ეხებოდა: კომუნისტურ პოლიტიკურ სისტემას თავის გადასარჩენად სჭირდებოდა მკაცრი კონტროლი და იზოლაცია დანარჩენი მსოფლიოსგან.

რაც 1989 წლის 9 ნოემბერს მოხდა, იყო მოულოდნელობა, ბედნიერი შოკი.

მაგრამ ეს თავისით არ მომხდარა. ეს მოიტანა აღმოსავლეთ გერმანიის ასიათოსობით მოქალაქემ, რომლებიც ქუჩებში დემონსტრაციებს მართავდნენ. და ეს თავისმხრივ შეუძლებელი და წარმოუდგენელი იქნებოდა იმ მაგალითის გარეშე, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერებმა იმ კვირებსა და თვეებში გვაჩვენეს.

რაც გერმანიაში მოხდა, შთაგონებული იყო „სოლიდარობის“ წარმატებით პოლონეთში, საოცარი „ბალტიის გზით“, როდესაც ხალხის ჯაჭვი გაიბა ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას შორის. ხალხმა დაინახა, თუ როგორ გახსნა უნგრეთმა საზღვარი. მათ იცოდნენ, თუ რამდენი ადამიანი გადავიდა დასავლეთში ვარშავის, პრაღისა და ბუდაპეშტის გავლით.  

ეს იყო საერთო ევროპული მოძრაობა. ის გაგრძელდა და ყველა ქვეყანა მოიცვა, არ უნდა დაგვავიწყდეს, თვით რუსეთიც კი.

ერთ-ერთი პირველი იყო საქართველო, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ფარგლებში. აქ, თბილისში, მოსკოვმა გამოიყენა ძალა და სისხლი დაღვარა - მაგრამ მიხვდა, რომ უშედეგო იყო ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ბრძოლა.

9 ნოემბერი მხოლოდ გერმანიას არ ეკუთვნის. ეს ჭეშმარიტად ევროპული დღეა. მან კარი გაუღო იმ ევროპას, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ მის გასაძლიერებლად.

ბრძოლა კედლების წინააღმდეგ ჯერ არ დასრულებულა, რაც საქართველომ კარგად იცის. მაგრამ 1989 წლის გამოცდილების შემდეგ, რამდენად უსაფრთხოდ არიან ისინი, ვინც დღეს მავთულხლართებზე ამყარებს იმედებს? რამდენად მყარია მათი პოლიტიკური გათვლები?

სწორედ აქ, საქართველოში, ჩვენ ვმუშაობთ ერთად ისეთი ევროპისთვის, რომლის არსებობაც ახლა უკვე ვიცით რომ შესაძლებელია. ჩვენ ვმუშაობთ ყველა დონეზე დიპლომატიის, დიალოგისა და ჩართულობის ინსტრუმენტებით. ჩვენ ვმუშაობთ დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის ყველა საზღვარს მიღმა.

ამრიგად, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენთვის გერმანელებისთვის, არ არსებობს თბილისზე უკეთესი ადგილი ამ დღის აღსანიშნავად, თქვენთან ერთად, ჩვენს ქართველ მეგობრებთან და სხვადასხვა ქვეყნის ამდენ მეგობართან ერთად.

გმადლობთ, საქართველო, მეგობრობისთვის! გმადლობთ ევროპულ საქმეში შეტანილი წვლილისთვის!

გვერდის დასაწყისში გადასვლა