Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის სიტყვა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე

Ansprache von Botschafter Peter Fischer zum Tag der Deutschen Einheit 2022

Ansprache von Botschafter Peter Fischer zum Tag der Deutschen Einheit 2022, © Deutsche Botschaft Tiflis

03.10.2022 - Artikel

პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო

პატივცემულო მინისტრებო და დეპუტატებო,

ძვირფასო კოლეგა ელჩებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

ძვირფასო თანამემამულენო,

უპირველეს ყოვლისა მინდა ამ დარბაზში მყოფ ყველა გერმანელს მივულოცო გერმანიის გაერთიანების დღეს.

ჩემი მეუღლე მარია და მე, ისევე როგორც გერმანიის საელჩოს მთელი გუნდი მოხარული ვართ დღეს თვენი სტუმრობით.

ეს ბედნიერი დღეა ჩვენთვის, გერმანელებისთვის და ასევე ბედნიერი დღე ისტორიისთვის, რადგან მან გვიჩვენა, რომ ისტორიაში კარგი რამ შეიძლება მოხდეს. როგორც ადამიანის უფლებების ლეგენდარულმა დამცველმა, მარტინ ლუთერ კინგმა თქვა: „სამყაროს მორალური რკალი სამართლიანობისკენ იხრება“.

გერმანიის გაერთიანების დღეს წინ უძღოდა მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის დანაშაულები, რომლებშიც გერმანიას მიუძღოდა ბრალი. ამ დღეს წინ უძღოდა ჩვენს ქვეყანაში ომისგან გამოწვეული ნგრევა, მისი გაყოფა და ოკუპაცია. მას წინ უძღოდა დასავლეთ გერმანიაში 42 წლიანი დემოკრატიული აღმშენებლობა და - რაც გადაწყვეტი იყო - აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხის მიერ მშვიდობიანი რევოლუციის გზით კომუნისტური დიქტატურის დასრულება. სხვათა შორის, მარია და მე ბერლინის კედლის დაცემის დღეს იქ ვიმყოფებოდით - ჩემს მშობლიურ ქალაქში.

ამ დღეს პირველ რიგში ჩვენ, გერმანელები ვართ მადლობლები. მადლობლები ვართ მათი, ვინც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდა და მისი კლანჭებიდან გაგვათავისუფლა. მადლობლები ვართ მათი, ვინც მეორე შანსი მოგვცა და დაგვეხმარა. ასეთი ბევრი იყო, თუმცა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ასევე საბჭოთა კავშირიც, რომელმაც ჰიტლერის გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში უდიდესი მსხვერპლი გაიღო, მათ შორის იყო ასი ათასობით ქართველი. ჩვენ ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე.

და მადლობლები ვართ ევროკავშირის დამფუძნებელი მამებისა, რომლებმაც მოგვცეს შესაძლებლობა, კვლავ ცივილიზებული ერების თანამეგობრობის წევრი გავმხდარიყავით. ევროპა სამშვიდობო პროექტია - და თავისუფლების, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების პროექტი. დიდმა ევროპელმა და საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა 1950 წლის 9 მაისს განაცხადა: „ევროპა არ შეიქმნება ერთი საერთო მზა გეგმის მიხედვით, არამედ იმ კონკრეტული გადაწყვეტილებების მეშვეობით, რომლებმაც ცალკეულ ერებს შორის ჯერ ფაქტობრივი სოლიდარობა უნდა წარმოშვას.“

და ასეც მოხდა. დღეს ევროკავშირი ჩვენი უდიდესი წარმატებაა. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ევროკავშირის მოქალაქე ვარ - მრავალფეროვანი კულტურის, ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცის, სადაც მოქალაქეები თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებებით სარგებლობენ.

როდესაც რკინის ფარდა დაეცა და გერმანია გაერთიანდა, ყველა ვფიქრობდით, რომ სტაბილურობა, თვითგამორკვევა და მშვიდობა თავისთავად გავრცელდებოდა. საბოლოოდ 24 თებერვალს, როდესაც რუსეთმა თავისი სასტიკი აგრესიული ომი წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ, ეს ილუზია გაგვიქარწყლდა. ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ამას ახალი ეპოქის დასაწყისი უწოდა.

რას ვსწავლობთ ამ მოვლენებიდან. პირველი: ჩვენ უკრაინას დავეხმარებით მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში -  ასევე იარაღითაც, რამდენი ხანიც არ უნდა იყოს ამისთვის საჭირო. მეორე: გავზრდით ჩვენს მედეგობას რუსეთის  და ასევე იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და საზღვრებს უგულებელყოფენ.  ჩვენ გვინდა წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, კანონის უზენაესობა და არა ძალაუფლებისა და ძალადობის უზენაესობა.

იმ დროს როდესაც წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს ბრძოლას უცხადებენ, ჩვენ ყველა, ვისაც გვსურს წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგი, კიდევ უფრო მეტად უნდა გავერთიანდეთ. ეს ეხება გერმანიასა და საქართველოს, ევროკავშირსა და საქართველოს. გავიმეორებ ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვებს: თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, თქვენი მომავალი ჩვენს კავშირშია და ჩვენი კავშირი თქვენს გარეშე არასრულყოფილია.

ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება, მისცეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი და ისტორიული მოვლენაა. თუ ჩვენ, გერმანელებს გვკითხავთ, გიპასუხებთ, რომ ევროკავშირი საუკეთესოა, რაც შეიძლება ადამიანს შეემთხვეს.

გზა ევროპისკენ ნათელია. არაფერია მასში იდუმალი ან უცნობი. ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. თუმცა სპორტისგან განსხვავებით, ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რომ მან ამ ბურთით წარმატებით ითამაშოს.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აქაურობამ ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. არა მხოლოდ საქართველოს სილამაზემ და ადამიანების დამოკიდებულებამ. ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩვენი პარტნიორობის სიღრმე და მრავალფეროვნება. ყველა სფეროში - პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ კულტურაში - მნიშნელოვანი ორმხრივი პროექტები გვაქვს. ყველა ეს პროექტი გვეხმარება, რომ ერთად გავიაროთ გზა ევროპისაკენ.

ევროპისკენ გზის ერთად გავლა - ეს არის ჩემი, როგორც ელჩის ამოცანა. გავიხსენოთ რობერტ შუმანის ბრძნული სიტყვები: ეს გზა შედგება პრაქტიკული გადაწყვეტილებებისგან, მრავალი დადებითი, კონკრეტული პროექტებისაგან, მათ შორის პოლიტიკის სფეროში, თუმცა უფრო მეტად ეკონომიკის, ენერგეტიკის, გარემოსა და კლიმატის დაცვის სფეროებში, პროფესიულ განათლებაში, სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების დარგში, მეცნიერებასა და კულტურაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალგაზრდები დაახლოვდნენ და ითანამშრომლონ. ასე ავაშენებთ ევროპას.

თუ საქართველოსთვის ევროკავშირი უპირველესი პრიორიტეტია, მაშინ გთხოვთ, გამოიყენეთ ეს ისტორიული მომენტი. უპირველესი პრიორიტეტის მისაღწევად, როგორც ცხოვრებაში ასევე პოლიტიკაში მთელი ძალა უნდა მოიკრიბოთ და მიზანზე ვიყოთ კონცენტრირებული, ზოგჯერ სხვა საქმის გვერდზე გადადებით, რომელსაც ჩვენი ყურადღება ამ მიზნისგან სხვაგან გადააქვს.

ამ გზაზე თქვენს გვერდით გვიგულეთ, როგორც მეგობრები და პარტნიორები.

მარტინ ლუთერ კინგის ციტატა ვახსენე - თუმცა არასრულად. მათ თავის ცნობილ გამონათქვამს რკალთან დაკავშირებით, რომელიც სამართლიანობისკენ იხრება, წაუმძღვარა შემდეგი სიტყვები: „We shall overcome“. ჩვენ ამას გადავლახავთ, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გავიმარჯვებთ.

ასე ვხედავ მე ჩვენი თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფოების საერთო მომავალს.

დიდი მადლობა!

nach oben